ზურაბ ჩხაიძე - რამდენადაც ვიცი, მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციაში გადასვლის სურვილი ნაკლებად აქვს, ჩვენი ამოსავალი არის პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება, რასაც თვითონ ირჩევს, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ
ზურაბ ჩხაიძე - რამდენადაც ვიცი, მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციაში გადასვლის სურვილი ნაკლებად აქვს, ჩვენი ამოსავალი არის პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება, რასაც თვითონ ირჩევს, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ

მიხეილ სააკაშვილს თუ სურს, მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციაში, მიუხედავად იმისა, რომ პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში ყოფნას, ამაზე თანხმა ვართ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა.

„სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმის ფარგლებში. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები, რესპირატორული მაჩვენებლები რჩება ნორმის ფარგლებში. თქვენ ალბათ იხილეთ, პაციენტმა შეძლო ონლაინჩართვა. გუშინ გაჟღერებულ ვერსიასთან დაკავშირებით, რომ სასწრაფოდ სარეანიმაციოა თუ რაღაც, დაინახავდით, რამდენად არის პაციენტი სარეანიმაციო. გუშინ დილიდანვე შედგა კონსილიუმი, ინახა პაციენტი სხვადასხვა ექიმის მიერ, ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა, გრძელდებოდა მკურნალობა ინტენსიურ პალატაში, რომელშიც იმყოფება ახლა. რაც შეეხება ამ ინფორმაციას, გაჟღერდა, როგორც შემდეგ ახსნა მკურნალმა ექიმმა, თითქოს იყო მოთხოვნა, რომ თანახმა იქნებოდა მკურნალობაზე, თუ იქნებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მისივე თქმით, თუ სააკაშვილს სურს რეანიმაციაში მკურნალობა, ამაზე კლინიკა თანახმაა.

„ჩვენ ამაზე პრობლემა არ გვაქვს. ყოველთვის გამოვდივართ პაციენტის ინტერესებიდან. თუ პაციენტს სურს, რომ მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მიუხედავად იმისა, რომ პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში ყოფნას, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ. ეს მინდა, გაიგოთ კარგად. ჩვენთვის არ არის პრობლემა, გვეყოლება რეანიმაციაში თუ ინტენსიურ პალატაში. მთავარია, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, დაგვთანხმდეს მკურნალობაზე და მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. რამდენადაც დღეს ვიცი, მას რეანიმაციულ განყოფილებაში გადასვლის სურვილი ნაკლებად აქვს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინაც, დღესაც, პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას, თუ ეს იქნება მოთხოვნა, რომ მკურნალობას დათანხმდება, თუ იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში, კლინიკა ამაზე თანახმაა. ჩვენი ამოსავალი არის პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება, რასაც თვითონ აირჩევს, რაზეც დაგვთანხმდება, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

შეკითხვაზე, ამ ეტაპზე იღებს თუ არა მკურნალობის სრულყოფილ კურსს სააკაშვილი, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ის იღებს ძალიან მცირე რაოდენობის, მცირეკალორაჟიან საკვებს.

„რა თქმა უნდა, რეკომენდებული იყო ამ კალორაჟის გაფართოება. კალორაჟი არის გათვლილი იმ რაოდენობით, რომ ის მხოლოდ სასიცოცხლო ფუნქციების შემანარჩუნებელი ოდენობაა. ვინაიდან ასევე იყო საუბარი, რომ უჭირს, გაძნელებული აქვს ყლაპვა, აქვს გულისრევა, ღებინება, შეთავაზებულ იქნა, როგორმე შეგვევსო ეს რესურსები და პარენტერალური კვება დაგვეწყო“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა პარენტერალურ კვებასთან დაკავშირებულ საკითხზე.

„რაც შეეხება პარენტერალურ კვებას, მინდა გამოვეხმაურო ექსპერტ მარიამ ჯიშკარიანს. ითქვა, რომ კლინიკას თურმე არ ჰქონია პარენტერალური კვების მართვის გამოცდილება. იცით რა, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, როდესაც ამას აცხადებს რაღაც სპეციალობის ადამიანი, მგონი, ფსიქიატრის სერტიფიკატი აქვს. ქალბატონი მარიამი არ არის პრაქტიკოსი ექიმი. ჩვენი კლინიკის ექიმების უმრავლესობა, გარდა იმისა, რომ ვართ თსსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, გახლავართ პრაქტიკოსი ექიმები. ჩვენ ათეულობით პაციენტი გაგვიტარებია, რომლებიც იმყოფებოდნენ პარენტერალურ კვებაზე და თუ ეს ქალბატონი ჯიშკარიანისთვის არის კოსმოსური საოცრება, ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. უნდა იცოდეს ეს ქალბატონმა ჯიშკარიანმა, როგორც ექსპერტმა, ექიმობას მას არავინ სთხოვს. რეანიმატოლოგის სერტიფიკატის მქონე ნებისმიერი ექიმი ვალდებულია და აქვს პარენტერალური კვების მართვის კომპეტენცია“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე კვლავ უარს ამბობს პარენტერალურ კვებაზე, თუმცა კლინიკა აბსოლუტურად მზად არის.

ჩხაიძის განცხადებით, კლინიკა სააკაშვილს სთავაზობს ყველაფერს, რათა უკეთესად გახდეს.

„რა თქმა უნდა, პაციენტი დასუსტებულია, სუსტად გრძნობს თავს, ამიტომაც ხშირად აქვს კოორდინაციის დარღვევის მომენტები, ვინაიდან ვერ იღებს იმ რესურსებს, რომლებიც მისთვის, მისი სასიცოცხლო ფუნქციების ნორმალურად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ამიტომ ვთავაზობთ მიხეილ სააკაშვილს ყველაფერს, რათა უკეთესად გახდეს. დამიჯერეთ, ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა პაციენტის გამოჯანმრთელება. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში, ჩვენ თანახმა ვართ, გადავიყვანთ, სადაც მოითხოვს ჩვენი კლინიკის ფარგლებში. მე რამდენადაც ვიცი, დღეს გადასვლის სურვილი არ გამოუთქვამს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

შეკითხვაზე, თუ არის მუქარები ექიმების მიმართ და თუ დაიწერა საჩივარი, ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, – „გუშინ საუბარი იყო შიშებზე. არავინ არის შეშინებული. უბრალოდ, ითქვა, რომ ფაქტი არის ეს. რადგან ფაქტი არის ეს, შესაბამისი ორგანოები ამით დაინტერესდებიან და გაარკვევენ, ვინ არის და რა უნდა“.