ზურაბ ჩხაიძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი მკურნალობას აგრძელებს პალატაში
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძე განაცხადა.
როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, ჰემოდინამიკური, რესპირატორული მაჩვენებლები არის სტაბილური.
„პაციენტს ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება. ადვოკატის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი სარეანიმაციო პაციენტია, ეს არის ადვოკატის ხედვა. პაციენტი კონსულტირდება ყოველდღიურად სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ და მისი პარამეტრები არანაირად არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას. ამიტომ პაციენტი აგრძელებს მკურნალობას პალატაში. რაც შეეხება კოვიდს, ის მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით და რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. თუმცა, კოვიდს ახასიათებს გართულებები, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი მიმანიშნებელი იმისა, რომ რაიმე გართულებასთან გვექნება საქმე ან გვაქვს საქმე, არ არის. არანაირი დამატებითი აპარატურა არ შეტანილა, რადგან პაციენტს არ სჭირდება რაიმე დამატებითი აპარატურა, თუმცა ადგილზე ყველაფერი არის. პალატა სრულად არის აღჭურვილი. სასუნთქი აპარატი კადრში რატომ უნდა ჩანდეს? რესპირატორული მაჩვენებელი არის ნორმის ფარგლებში ანუ სატურაცია მისი არის ნორმის ფარგლებში, მას არ ესაჭიროება დამატებით ჟანგბადის მიწოდება. რისკები ჩემთვისაც არსებობს და მეც შეიძლება დამემართოს რაღაც 5 წუთში. რაც შეეხება გონების კარგვის ეპიზოდებს, ეს რამდენიმე დღეა, ჟღერდება, არ ვიცი, რატომ. არცერთ შემთხვევაში ექიმის, ექთნის მიერ დაფიქსირებული გონების კარგვის ეპიზოდი არ ყოფილა. 24 საათი ექთანი არის იქვე.
პერსონალური ექთანი არის მიმაგრებული პაციენტზე. ისტორიაში ფიქსირდება, რომ ეს არის ავადმყოფის გადმოცემით, მაგრამ ეს დაფიქსირებული არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა. შესვლა პაციენტთან არის პენიტენციური სამსახურის პრეროგატივა“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა დაასრულა მოკვლევა და ყველა პირი, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან, კოვიდზე არის უარყოფითი.
„ერთადერთი, რაც არის მთავარი და მნიშვნელოვანი, შემსვლელებში არაინ ადვოკატები, რომლებმაც არ წარმოადგინეს პისიარ ტესტი. ჩვენ დღესაც ველოდებოდით დილიდან, რომ მობრძანებულიყვნენ და ჩაებარებინათ ანალიზი. შეიძლება სწრაფმა ტესტმა აჩვენოს ერთი შედეგი, მაგრამ პისიარ ტესტი სხვაა. დაგვრჩა მხოლოდ ადვოკატები, ვისაც ასე უშუალოდ აქვს შემხებლობა პაციენტთან, დანარჩენი ჩვენი ყველა თანამშრომელი შემოწმებულია“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.