ზურაბ ჩხაიძე - კლინიკაში პატიმარი 23 იანვარს უგონო მდგომარეობაში შემოიყვანეს, ჩაუტარდა სხვადასხვა ტიპის სამკურნალო ღონისძიებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, დადგა ლეტალური შედეგი
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ჩხაიძის თქმით, პატიმარი კლინიკაში 23 იანვარს შეიყვანეს. მისივე თქმით, პაციენტს ყველა საჭირო მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ჩვენთან პატიმარი 23 იანვარს უგონო მდგომარეობაში შემოიყვანეს, მრავლობითი დაზიანებებით. მას ჩაუტარდა სხვადასხვა ტიპის სამკურნალო ღონისძიებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, დადგა ლეტალური შედეგი გუშინ, 20:00 საათზე. სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს უკვე პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტის პრეროგატივაა“,- აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
პატიმარ ი.გ-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.