ზურაბ ჭიაბერაშვილი - ყველა იმ დამოუკიდებელი საინფორმაციო არხის ჩახშობას ცდილობს ივანიშვილი, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ყველა იმ დამოუკიდებელი საინფორმაციო არხის ჩახშობას ცდილობს ივანიშვილი, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარება

მას შემდეგ, რაც „ფეისბუქმა“ ტროლების ფაბრიკის ნახევარი გაუნადგურა, ივანიშვილი შემობრუნდა და ახლა ცდილობს, ჩაახშოს საზოგადოებისთვის ჯანსაღი, ნორმალური, ფაქტების შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების წყაროები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ფინანსთა სამინისტროს მიერ სამი ტელეკომპანიის ანგარიშებზე ინკასოს დადების თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

„რაც უფრო კარგავს საზოგადოებრივ ნდობას ივანიშვილი, რაც უფრო კუთხეში არის მიმწყვდეული, მით უფრო აგრესიულად იბრძვის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. ის ამას უკვე წლებია, აკეთებს. მაგრამ ახლა, მას შემდეგ, რაც „ფეისბუქმა“ მას ტროლების ფაბრიკის ნახევარი გაუნადგურა, ივანიშვილი შემობრუნდა და ახლა ცდილობს, ჩაახშოს საზოგადოებისთვის ჯანსაღი, ნორმალური, ფაქტების შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების წყაროები. ეს არის „ტვ პირველი“, ეს არის „კავკასია“. უკლებლივ ყველა იმ დამოუკიდებელი საინფორმაციო არხის ჩახშობას ცდილობს ივანიშვილი, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარება, მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ აქამდე, რომ მას აღარ გაუდის არც ქვეყნის შიგნით საზოგადოების წინაშე, არც საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ასეთი ქმედებები, ის კიდევ უფრო მეტ ზიანს მიიღებს აქედან“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედო.

ფინანსთა სამინისტრომ მედიასაშუალებები 23 დეკემბერს სპეციალური განცხადებით გააფრთხილა და ერთდღიანი ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.