ზურაბ ჭიაბერაშვილი - უფასო მედიკამენტების პროგრამა ათიათასობით მოქალაქისთვის ჯერ ისევ მიუწვდომელია
ზურაბ ჭიაბერაშვილი - უფასო მედიკამენტების პროგრამა  ათიათასობით მოქალაქისთვის ჯერ ისევ მიუწვდომელია

პროგრამით გათვალისწინებული 10 მლნ ლარიდან 2018 წელს მოქალაქეებამდე მხოლოდ 1.7 მლნ ლარის წამალი მივიდა, ამას თავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკა აჩვენებს, – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებას, რომ 2018 წელს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე 8 მლნ ლარი დაიხარჯა.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ გაძვირებული მედიკამენტების ყიდვა, არ აინტერესებთ, როგორ შესრულდა ბიუჯეტი ქაღალდზე.

მისივე თქმით, სამინისტრომ მედიკამენტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერებისა და წამლის მარაგის ხარჯვის შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს.

„თუ წამალი 2018 წელს შეიძინეს, დაასაწყობეს და 2019 წელს ხარჯავენ, ეს ცალკე განმარტებას მოითხოვს. მით უმეტეს, რომ მედიკამენტების პროგრამის 2019 წლის ბიუჯეტის ათვისებაც ძალიან დაბალია”, – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ყურადღებას ამახვილებს, რომ 2018 წელს პროგრამის გაფართოებამ მნიშვნელოვნად ვერ გაზარდა  ადამიანთა რიცხვი, ვისაც წამლის შეძენა დაუფინანსდა.

„2017 წელს პროგრამით 13,000-მა მოქალაქემ ისარგებლა, 2018 წელს – 22,000-მა მოქალაქემ. არადა პროგრამის ამოქმედებამდე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებას პირდებოდა, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 200,000 მოქალაქე ისარგებლებდა. საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ბოლო 6 წლის განმავლობაში წამლებზე ფასები 60%-ითაა გაზრდილი, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველ ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა ჯერ ისევ მიუწვდომელია ათიათასობით მოქალაქისთვის, რომელიც პროგრამის დაწყებას იმედით ელოდა,” – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, გამოსავალია მედიკამენტის კომპონენტის დამატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ოღონდ ამისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი უნდა შეიცვალოს და მოხდეს მისი სწორი ადმინისტრირება. ასეთ შემთხვევაში ათიათასობით გაჭირვებული მოქალაქეების ხელმისაწვდომობა წამლებზე გაიზრდება. ჭიაბერაშვილის განმარტებით, აუცილებელია ამ პროგრამაში სადაზღვევო კომპანიების ჩართვაც, რათა მისი ეფექტურობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.