ზურაბ ჭიაბერაშვილი - საარჩევნო სისტემაზე კომპრომისი თუ შედგა, აუცილებელია, შუამავლებს დავუთმოთ ასპარეზი და მათ გააკეთონ პირველი განცხადებები
ზურაბ ჭიაბერაშვილი - საარჩევნო სისტემაზე კომპრომისი თუ შედგა, აუცილებელია, შუამავლებს დავუთმოთ ასპარეზი და მათ გააკეთონ პირველი განცხადებები

ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოცილება არის გარდაუვალი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ და მთლიანი ოპოზიციის მიდგომა არის, რომ რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოცილების პროცესი, რომელიც გარდაუვალად მოხდება ამ შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების დროს. ამისათვის აუცილებელია არჩევნები ჩატარდეს იმ სისტემით, რომელზეც იქნება შეთანხება პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის და ამავდროულად, მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობისთვის, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები, პოლიტპატიმრები იქნან გათავისუფლებულნი. ორივე პირობა, ორივე პირობის დაკმაყოფილება არის საკვანძო, რათა არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და შედარებით ნორმალურ გარემოში. ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოცილება არის გარდაუვალი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორების ეგიდით მიმდინარეობს და კომპრომისის შემთხვევაში, სწორედ მათ უნდა გააკეთონ განცხადება.

„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩვენი საერთაშირისო მეგობრების, საერთაშორისო პარტნიორების ეგიდით და იმისათვის, რომ ქვეყნისათვის საჭირო და აუცილებელი კომპრომისი იქნას მიღწეული იმ ორი პირობით, რაც საკვანძო არის მთლიანად ოპოზიციისთვის, მათ შორის, „ევროპული საქართველოსთვის“ აუცილებელია, თვითონ შუამავლებს, საერთაშორისო დიპლომატებს დავუთმოთ ასპარეზი და თუ კი ასეთი კომპრომისი შედგა, მათ გააკეთონ პირველი განცხადებები. ეს არის ყველაზე უფრო პასუხისმგებლიანი მიდგომა, რაც შეიძლება, ამ შემთხვევაში პოლიტიკურ მოთამაშეებს ჰქონდეთ“, – აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.