ზურაბ ჭიაბერაშვილი - როცა ვლადიმერ პუტინის მართული ჯგუფები ძალადობისკენ მოწოდებას აკეთებენ, ხელისუფლება ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს
ზურაბ ჭიაბერაშვილი - როცა ვლადიმერ პუტინის მართული ჯგუფები ძალადობისკენ მოწოდებას აკეთებენ, ხელისუფლება ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს

როცა ვლადიმერ პუტინის მიერ მართული ჯგუფები პირდაპირ ეთერში ძალადობისკენ მოწოდებას აკეთებენ, ეს არის კანონის დარღვევა და ხელისუფლება ვალდებულია, ამაზე რეაგირება მოახდინოს, რასაც არ აკეთებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა, რომელიც ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ლევან ვასაძე, „ქართული მარში“ და პუტინისგან მართული ექსტრემისტული დაჯგუფებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არსებითი ნაწილი არიან. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მართვას სწორედ ასეთი მეთოდით აპირებს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მიმდინარე პროცესებს ქვეყანა კიდევ უფრო დაპირისპირების, ძალადობისა და პოლარიზაციისკენ მიჰყავს, რაც არა მხოლოდ დემოკრატიის უკუსვლაში, არამედ ეკონომიკის ჩამოშლასა და მოქალაქეების გაღარიბებაში აისახება.

„ხელისუფლება ცდილობს, ამ ჯგუფების მოძალადე პირები გარეთ მინიმალური გირაოს საშუალებით დატოვოს მაშინ, როცა საპატიმროში მოთავსებას იმსახურებენ. როცა ხელისუფლებამ კრიმინალები უყურადღებოდ დატოვა, კრიმინალის მასობრივი ზრდა ვნახეთ. თუ ძალადობის მოწოდებებს უყურადღებოდ დატოვებენ, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას ვნახავთ. ეს არის ბუნებრივი ლოგიკა, რაც 90-იან წლებში საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გვინახავს. ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ ძალადობაზე, რაც ვასაძის მოწოდებებს მომავალში მოჰყვება”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.

ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

დატოვე კომენტარი