ზურაბ ჭიაბერაშვილი - ნებისმიერს აქვს პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება, მით უმეტეს, ადამიანს, რომელმაც ვარდების რევოლუციის შემდეგ უზარმაზარი წვლილი შეიტანა ქვეყნის სიბნელიდან გამოყვანაში
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ნებისმიერს აქვს პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება, მით უმეტეს, ადამიანს, რომელმაც ვარდების რევოლუციის შემდეგ უზარმაზარი წვლილი შეიტანა ქვეყნის სიბნელიდან გამოყვანაში

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ სიტუაციის ანალიზი სჭირდება, რის შემდეგაც თავად მიიღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით.

„ჩვენ მეგობრები ვართ და საუბარი გვექნება, თუმცა, იმის გამო, რომ ექვს წელიწად-ნახევარი პოლიტპატიმარი იყო და გამოკეტილი იყო ციხეში, მას, ბუნებრივია, სჭირდება სიტუაციის დანახვა და თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი, რა პოზიცია ექნებათ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იყო უკანონო პატიმრობა და აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ადამიანს აქვს პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება, მით უმეტეს, ადამიანს, რომელმაც ვარდების რევოლუციის შემდეგ უზარმაზარი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნის სიბნელიდან გამოყვანაში“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კითხვაზე, ექნება თუ არა „ევროპულ საქართველოს“ პარტიაში გაწევრიანების შეთავაზება ვანო მერაბიშვილის მიმართ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ჯერ განცხადება თავად მერაბიშვილმა უნდა გააკეთოს.

„პირველ რიგში, მან უნდა გააკეთოს განაცხადი და ამის შემდეგ შეგვიძლია, ჩვენ გავაკეთოთ კომენტარები“, – დასძინა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა. ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთა. „გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება“, – აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა. მისი თქმით, „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.