ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ვაცხადებთ, რომ, სტატუსის საკითხის გადაწყვეტის პარალელურად, აუცილებელია პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ვაცხადებთ, რომ, სტატუსის საკითხის გადაწყვეტის პარალელურად, აუცილებელია პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვაცხადებთ, რომ, სტატუსის საკითხის გადაწყვეტის პარალელურად, აუცილებელია საქართველოში პოლიტიკური დევნის დასრულება და პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, ჭიაბერაშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის. მისივე თქმით, პოლონეთი, საქართველოს სხვა მეგობრებთან ერთად, მუდმივად აყენებს სააკაშვილის საკითხს საერთაშორისო არენაზე და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაში.

„„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეხმაურება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს განცხადებას. ბატონი რაუს თქმით, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას. იმავდროულად, „ჩვენ გვაქვს მოლოდინი ზოგიერთ შიდა პოლიტიკურ საკითხთან მიმართებაში, მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი სააკაშვილის მომავალთან, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მინისტრმა.

ჩვენ მადლიერები ვართ პოლონეთის, რომელიც – მისი უკლებლივ ყველა მთავრობის პირობებში – უპირობოდ უჭერდა, უჭერს და მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ეს მხარდაჭერა არაერთხელ დაუმტკიცებია საქმით საერთაშორისო არენაზე. პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატო-სა და ევროკავშირში, რაც ქვეყანაში საფუძვლიანი რეფორმების გატარებას გულისხმობს, განსაკუთრებით, კანონის უზენაესობის სფეროში. გვსურს, მადლობა ვუთხრათ პოლონეთს, რომელიც, საქართველოს სხვა მეგობრებთან ერთად, მუდმივად აყენებს პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხს საერთაშორისო არენაზე და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაში.

პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი გათავისუფლება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის წინაპირობად არ დაუყენებია. იმავდროულად, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, როგორ უნდა გააგრძელოს წინსვლა ქვეყანამ, მათ შორის, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის მიმართულებით, თუ საქართველოში იქნება პოლიტიკური დევნა და მიხეილ სააკაშვილი დარჩება პატიმრობაში.

ჩვენ კვლავაც ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის უკანონო და უსამართლო პოლიტიკური პატიმრობა წინააღმდეგობაშია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის საკვანძო საკითხებთან, ესენია: დეპოლარიზაცია, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება. ყველაზე დიდი პროდასავლური ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლისა და ლიდერის ციხეში ყოფნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეჭვქვეშ დააყენებს ამ არჩევნების სამართლიანობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეების 58% მხარს უჭერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებას.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო 2009 წელს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მოლაპარაკებებისთვის მომზადებით. ეს შეუძლებელი იქნებოდა იმ ფუნდამენტური რეფორმების გარეშე, რაც საქართველომ „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დროშა პოლიტიკური სიმბოლიკის ნაწილად სწორედ მიხეილ სააკაშვილმა აქცია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვაცხადებთ, რომ, სტატუსის საკითხის გადაწყვეტის პარალელურად, იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის გზაზე წინსვლა გააგრძელოს, აუცილებელია საქართველოში პოლიტიკური დევნის დასრულება და პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საკითხის მკაფიოდ და საჯაროდ დაფიქსირებისთვის“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.