ზურაბ ჭიაბერაშვილი - მარიონეტული რეჟიმები აგრძელებენ ჩვენი მოქალაქეების გატაცებას და მათ მკვლელობას
ზურაბ ჭიაბერაშვილი - მარიონეტული რეჟიმები აგრძელებენ ჩვენი მოქალაქეების გატაცებას და მათ მკვლელობას

ჩვენ პრეტენზია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, რადგან ოკუპანტი ქვეყანა რუსეთი და მარიონეტული რეჟიმები აგრძელებენ ჩვენი მოქალაქეების გატაცებას და მათ მკვლელობას, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალიტებს განუცხადა.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ეს ტრაგედიაა მთელი საქართველოსთვის.

„აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ჩვენი თანამემამულის ოთხოზორიას მკვლელობა აფხაზეთში და ის სითავხედე, როგორც ის მოკლეს, ანალოგიური სითავხედე უკვე ცხინვალის ოკუპირებულმა რეჟიმმა გამოიჩინა. ეს არის ერთი ლოგიკური ჯაჭვის გაგრძელება და აქ რა თქმა უნდა, ჩვენ პრეტენზია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, რადგან რუსეთი და მათი მარიონეტული რეჟიმები, იქნება ეს სოხუმში თუ ცხინვალში ამას ბედავენ იმ სიჩუმის ფონზე, რა სიჩუმითაც საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ასპარეზზე ხვდება ასეთ ფაქტებს. იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი რამ არ მოხდეს, საჭიროა, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა და ამას ემსახურება “ევროპული საქართველოს” ინიციატივა, რომელიც გუშინ გაჟღერდა. უნდა შედგეს ოთხოზორიას სია. საქართველოს მთავრობის ვალია, რომ დიპლომატიური ძალისხმევა მიმართოს და გადადგას ქმედითი ნაბიჯები. საქართველოს მთავრობის უმოქმედობა ყოველთვის ახალისებს ასეთ თავხედობას”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშილმა.