ზურაბ ჭიაბერაშვილი - ნარკოპოლიტიკის სწორად დაგეგმვაზე მსჯელობის ნაცვლად „ქართულ ოცნებაში“ კინკლაობენ, გადადგან თუ არა ნაბიჯები რაიმე მიმართულებით
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ნარკოპოლიტიკის სწორად დაგეგმვაზე მსჯელობის ნაცვლად „ქართულ ოცნებაში“ კინკლაობენ, გადადგან თუ არა ნაბიჯები რაიმე მიმართულებით

იმის ნაცვლად, რომ „ქართული ოცნება” მსჯელობდეს, ნარკოპოლიტიკა სწორად როგორ დაიგეგმოს, გუნდის შიგნით კინკლაობენ, გადადგან თუ არა ნაბიჯები რაიმე მიმართულებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნარკომომხმარებელთა რიცხვი იზრდება, რაც სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.

„ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა, რომ „ქართული ოცნება” უკვე არა ერთი ივანიშვილის, არამედ ივანიშვილის ოჯახებისა და მათი ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილების ჭკუაზე დადის, ეს რაიმე გადაწყვეტილების მიღებას კიდევ უფრო ართულებს.

იმის ნაცვლად, რომ „ქართული ოცნება” მსჯელობდეს, როგორ იყოს პოლიტიკა სწორად დაგეგმილი და ნარკორეალიზატოტების მიმართ გამკაცრებული, ხოლო მეორეს მხრივ, ამოქმედდეს პროგრამები, ამაზე მსჯელობის ნაცვლად, შიგნით აქვთ კინკლაობა იმის თაობაზე, რაიმე მიმართულებით ნაბიჯი გადადგან თუ არა. ამ კინკლაობაში საზოგადოება ზარალდება, იმიტომ რომ ვხედავთ, ნარკოტიკები ვრცელდება და ნარკომომხმარებელთა რიცხვი იზრდება, რაც სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, „ევროპულ საქართველოში” სრულად იზიარებენ იმ ორ მიდგომას, რომელიც ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში ყალიბდება.

„ერთი, რომ ქართულ საზოგადოებას დღევანდელი მთავრობის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ზოგადად ნარკოპოლიტიკის არაეფექტურობა ძალიან აშფოთებს. როდესაც ნარკოტიკების გავრცელებაც და მძიმე ნარკოტიკის მოხმარებაც, სამწუხაროდ, გაზრდილია. ჩვენ საზოგადოების ამ შფოთვას ვიზიარებთ.

მეორე, საზოგადოებაში მოთხოვნაა, რომ მომხმარებლებისთვის ჯანდაცვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები ამუშავდეს, რათა მომხმარებლებს დავეხმაროთ,
ცხოვრების ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდნენ. მათ თავადაც უნდათ, რომ ასეთი პროგრამები არსებობდეს. ნარკორეალიზატორების მიმართ მიდგომა მკაცრი უნდა იყოს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.