ზურაბ ჭიაბერაშვილი - 2020 წლის შემდეგ ქვეყანას ეყოლება კოალიციური მთავრობა, ოღონდ არა „ქართული ოცნების“ მონაწილეობით
ზურაბ ჭიაბერაშვილი - 2020 წლის შემდეგ ქვეყანას ეყოლება კოალიციური მთავრობა, ოღონდ არა „ქართული ოცნების“ მონაწილეობით

2020 წლის შემდეგ ქვეყანას ეყოლება კოალიციური მთავრობა, ოღონდ არა „ქართული ოცნების“ მონაწილეობით, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭაიაბერაშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას 2020 წლის კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის იმის გაცნობიერება, რომ 2020 წელს „ქართული ოცნება“ არჩევნებს წააგებს.

„ირაკლი კობახიძის განცხადება არის იმის გაცნობიერება, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს წააგებს და ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ძალაუფლების დათმობა. მაგრამ ნუ ექნებათ იმის მოლოდინი, რომ ისინი თავის შემდეგ ქაოსს დატოვებენ და მღვრიე წყალში თევზის დაჭერას შეეცდება ივანიშვილი. მთლიანად ქართული საზოგადოება და პროდასავლური ოპოზიციური სპექტრი მობილიზებულია საიმისოდ, რომ ივანიშვილი რაც შეიძლება მშვიდობიანად და ჩვენი ქვეყნისთვის უმტკივნეულოდ ჩამოცილდეს ძალაუფლებას, სწორედ არჩევნების გზით. ეს არჩევნებზე აუცილებლად მოხდება, რა თქმა უნდა, ერთი რამ ცხადზე უცხადესია, რომ 2020 წლის შემდეგ ქვეყანას ეყოლება კოალიციური მთავრობა, ოღონდ არა „ქართული ოცნების“ მონაწილეობით, არა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენით. მთავარი ამოცანა იქნება, რომ პრობლემები – სიღარიბე, ფასების მატება, უმუშევრობა, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ გააღრმავა, იყოს დაძლეული.

ირაკლი კობახიძემ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შესაძლოა შეუძლებელიც კი გახდეს. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, მაღალი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობაც.