მიწათმოწყობის კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომელი ზურაბ ბოჭორიშვილი ადასტურებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა
მიწათმოწყობის კვლევითი ინსტიტუტის პროექტების ყოფილი მთავარი ინჟინერი ზურაბ ბოჭორიშვილი საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან დავით კეზერაშვილთან შეხვედრასა და რუკის გადაცემას უარყოფს. მისი თქმით, კეზერაშვილთან შეხება არასდროს ჰქონია, მეტიც, როგორც ამბობს, ქუჩაშიც კი არ შეხვედრია.
„კეზერაშვილს ქუჩაშიც არ შევხვედრილვარ არსად. არ მინახავს ტელეეკრანის გარდა. არც შეხება მქონია არასდროს. მე ვინ მკითხავდა, კეზერაშვილისთვის რუკა გადამეცა. არქივარიუსი ვიყავი, თუ ინსტიტუტის დირექტორი. მე რა შეხება მქონდა იმ რუკებთან იმ დონის, რომ ამეღო ის რუკები იქიდან. რაღაც სისულელეს რომ ლაპარაკობს, რაღაც გადამეცა კეზერაშვილისთვის, თუ მისი ოფიცრებისთვის.
ზუსტად არ მახსოვს წელი, ალბათ 2005-2006 ან 2007 წელი იყო, როდესაც თავდაცვის სამინისტროში დავით გარეჯის საკითხზე იყო რაღაც ბჭობა. ლაპარაკობდნენ ქაღალდზე, ანუ ემულსიაზე გამრავლებული რუკებით. ქაღალდზე კი საზღვარი არ დგინდება, საზღვარი დგინდება მყარ საფუძველზე. დახმარება სჭირდებოდათ და ვიღაცამ უთხრათ, რომ აი, ეს კაცი ინსტიტუტის საპროექტოში მუშაობდა, გამოცდილი მუშაკიაო და ალბათ უთხრეს, რომ დაგეხმარებათ რაღაცაშიო. ამ მიზნით, ამ მოტივით დამიბარეს თავდაცვის სამინისტროში და მივედი.
რაიმე სტატუსი არ მოუნიჭებიათ. იქ დამხვდა სამი თუ ოთხი ადამიანი. ვინმე რომ მცნობოდა, ან მათი გვარი გენერლების დონეზე რომ მეხსიერებაში მქონოდა, ასე არავინ მცნობია. ვუთხარი, რომ ჩვენი ინსტიტუტის საცავში ინახებოდა პლანშეტები, რომლებზეც მთელი საქართველოს მასშტაბით იყო დატანილი გეოგრაფიული არეალი, მათ შორის გარეჯის საზღვარი იყო დატანილი, ყველაფერი ინახებოდა ამ პლანშეტებზე. აეროფოტო გადაღების სურათებიც იგივე პლანშეტებზე იყო. მათ შორის იყო სავარგულებიც და საზღვრებიც, რა თქმა უნდა. დაფარული იყო მთელი საქართველო. მანდ იყო დატანილი რაიონების საზღვრებიც და რესპუბლიკის საზღვრებიც. ეს ყველაფერი ინახებოდა ჩვენს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო არქივში.
ამ მასალებით ვხელმძღვანელობდით ყველანი. ვუთხარი, რომ არქივში არის ისეთი მყარი მასალა, რომლითაც შეიძლება, იხელმძღვანელოთ. უნიკალური და უძველესი მასალებია, დატანილია ყველა საზღვარი და სავარგული-მეთქი. წამომყვნენ მართლაც 2 თუ 3 ოფიცერი. რა თქმა უნდა, მე ვიცოდი, სად ინახებოდა ეს პლანშეტები, რადგან ნამყოფი ვიყავი არქივში. იმათი მანქანით მივედით არქივის საცავთან. საცავი იყო დალუქული. შესასვლელს ედო ბოქლომი. იქ იყო დაცვა, რომელმაც გვითხრა, რომ საცავი დალუქული ჰქონდა ეკონომიკის სამინისტროს და იმათ გარეშე ეს არ გაიხსნებაო. ამათმა კი მითხრეს, რომ ჩვენ მივაღწევთ გახსნასო და დავიშალეთ. სულ ამით დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა. აღარც დაურეკავთ, აღარც უკითხავთ. წაიღეს, თუ არ წაიღეს, მე აღარაფერი არ გამიგია. არ მახსოვს მათი სახელები, მეგონა ურთიერთობა გაგრძელდებოდა, სიმართლე დადგინდებოდა. მაგრამ როგორც გითხარით, აღარც დაურეკავთ. შარშან, წლის ბოლოს დამიბარეს გენერალურ პროკურატურაში და იქ დავუწერე ყველაფერი, რაც ვიცოდი ამ საქმის შესახებ და მათ ყველაფერი მიწოდებული აქვთ ჩემგან, რაც ვიცოდი. ოთხი საათი ვიჯექი იქ“, – განაცხადა ზურაბ ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის ყოფილი წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, იმ პერიოდში, როდესაც აზერბაიჯანთან საზღვრები უკანონოდ თანხმდებოდა, კეზერაშვილმა თავდაცვის სამინისტროში დაიბარა 2005 წელს დახურული მიწათმოწყობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი ზურაბ ბოჭორიშვილი და მას სთხოვა, მიეწოდებინა ინფორმაცია მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული მასალების ადგილმდებარეობის შესახებ.