ზურაბ აზარაშვილმა „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ორგანიზებული კონფერენცია გახსნა
ზურაბ აზარაშვილმა „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ორგანიზებული კონფერენცია გახსნა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გამართული კონფერენცია გახსნა.

ზურაბ აზარაშვილმა სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპული სტანდარტის მდგრადი და ეფექტიანი სოციალური უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება, რისთვისაც დასავლელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

სოციალური დაცვის სისტემების რეფორმა, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ინიციატივით დაიწყო. მისი მიზანი სოციალური პოლიტიკის განვითარება და სოციალურ დახმარებაზე წვდომის გაუმჯობესებაა. რეფორმის მიმდინარე საკითხები და სამომავლო სტრატეგია კონფერენციის მონაწილეებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ გააცნო. კონფერენციაზე სოციალური დაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმა წარადგინეს, რომლის იმპლემენტაციაში საქართველოს ევროპელი პარტნიორები აქტიურად ეხმარებიან. პროექტი „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ Expertise France-ის (AFD ჯგუფი) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში – დიეგო კოლასი, ჩეხეთის ელჩი საქართველოში – პეტრ მიკისკა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – თამილა ბარკალაია. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.