ზურაბ აზარაშვილი თურქეთის ორი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
ზურაბ აზარაშვილი თურქეთის ორი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ორი უმსხვილეს ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ზურაბ აზარაშვილმა წამყვანი თურქული ფარმაცევტული საწარმოებიც დაათვალიერა და ინდუსტრიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

უწყების ცნობით, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტით წარმოებული მედიკამენტების იმპორტი უმნიშვნელოვანესია. მისივე განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას უკვე შეუძლია, თურქეთიდან იმპორტირებული ხარისხიანი მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინოს, აღნიშნული წამლების სია კი ეტაპობრივად გაიზრდება.

„დაიგეგმა ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში, სადაც მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის გაზრდის მიზნით, მხარდაჭერის მექანიზმებს განიხილავენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილი თურქ კოლეგასაც შეხვდა. მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში არსებული ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ესტუმრება. ჯანდაცვის მინისტრთან ერთად თურქეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან: სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელი ნანა შაშიაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი ხათუნა ჩაჩავა და შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი ზურაბ დვალი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.