ზურაბ აზარაშვილი შვეიცარიაში, პაციენტთა უსაფრთხოების მე-5 გლობალურ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
ზურაბ აზარაშვილი შვეიცარიაში, პაციენტთა უსაფრთხოების მე-5 გლობალურ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ზურაბ აზარაშვილმა პაციენტთა უსაფრთხოების მე-5 გლობალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

მაღალი დონის ღონისძიება შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა, ალან ბერსემ გახსნა. მინისტერიალის მიზანი მსოფლიოში პაციენტთა უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება და სამომავლო პერსპექტივების განხილვაა.

ღონისძიებაზე ზურაბ აზარაშვილი სიტყვით გამოვიდა. ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტთა უსაფრთხოების კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკაზე, ამ მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.

„ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ უსაფრთხო და ეფექტური ჯანდაცვის გარემო, ადეკვატური ინფრასტრუქტურითა და ადამიანური რესურსებით, რათა მოვახდინოთ ჯანმრთელობის რისკების პრევენცია და გავაუმჯობესოთ კლინიკური შედეგები“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველომ გააუმჯობესა და დანერგა მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო სერვისების სტანდარტები, ასევე ნოზოკომიური ინფექციების მონიტორინგისა და აუდიტის ახალი მოდელი. ინფექციის კონტროლის მიზნით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და 120-მდე კლინიკა უკვე შემოწმდა. ამასთანავე, პაციენტთა უსაფრთხოებასთან და საექიმო გადაცდომებთან დაკავშირებულ საჩივრებს აქტიურად განიხილავს სამინისტროსთან არსებული პროფესიული განვითარების საბჭო.

მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ზურაბ აზარაშვილმა იმ საერთაშორისო სტანდარტებზეც ისაუბრა, რომელთა დაკმაყოფილებაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის 2025 წლიდან სავალდებულო იქნება. ამასთან, მინისტრის განცხადებით, საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სამედიცინო პერსონალის კეთილდღეობა პაციენტების უსაფრთხოების დაცვის გარანტიაა. ამის გათვალისწინებით, სამინისტრო პროფესიული პლატფორმების გაძლიერებაზე მუშაობს.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას და მზაობას, შევუერთდეთ გლობალურ მოძრაობას პაციენტზე ორიენტირებული და უსაფრთხო ჯანდაცვის სისტემების შექმნის მიმართულებით“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

პაციენტთა უსაფრთხოების მე-5 გლობალურ მინისტერიალს, მინისტრთან ერთად, ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი ალექსანდრე მაისურაძე ესწრებოდა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.