ზურაბ აზარაშვილი - სასწრაფოს ექიმებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად მაქსიმუმს ვაკეთებთ, ხელფასის გაორმაგების მოთხოვნა ყველას შეუძლია, მაგრამ მოთხოვნა შესაძლებლობის ადეკვატური უნდა იყოს
ზურაბ აზარაშვილი - სასწრაფოს ექიმებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად მაქსიმუმს ვაკეთებთ, ხელფასის გაორმაგების მოთხოვნა ყველას შეუძლია, მაგრამ მოთხოვნა შესაძლებლობის ადეკვატური უნდა იყოს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრis, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო, სასწრაფოს ექიმებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს.

ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რაც უწყების მიერ ამ მიმართულებით გადაიდგა.

„ვინაიდან სხვადასხვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ, მიმდინარე წელს იძულებული გავხდით, მინიმალური შრომითი ანაზღაურება დაგვეწესებინა და განვსაზღვრეთ მინიმალური ხელფასები. არ ვფიქრობ, რომ ეს მათთვის ადეკვატური, ღირსეული ხელფასია, თუმცა არის მინიმუმი: ექთნის შემთხვევაში – 800 ლარამდე, ექიმის შემთხვევაში – 1 200 ლარის ფარგლებში.

რაც შეეხება სასწრაფოს ექიმებს, თითოეულ მორიგეობაზე სასწრაფოს ექიმს უკვე ათპროცენტიანი ზრდით აქვს 250 ლარი დარიცხული დღეში. ვგულისხმობ თითოეულ მორიგეობას.

ასევე, გასული წლის განმავლობაში სამჯერ მივეცით მათ ეგრეთ წოდებული პრემია. ჩვენს უწყებაში შემავალ არცერთ სხვა სამსახურს სამჯერ ასეთი პრემია, ბონუსი არ აუღია. დაზღვევასთან დაკავშირებით იყო სხვადასხვა სპეკულაცია. ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს დავიწყეთ მათთვის ახალი სადაზღვევო პაკეტის შემუშავება. სულ მცირე, საშუალოდ ორჯერ არის გაუმჯობესებული პირობები. ზუსტად ამ გაუმჯობესებული პირობებისა და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაძვირებული სადაზღვევო პრემიუმის გამოა, რომ სადაზღვევო კომპანიებს შორის ძალიან დიდი კონკურენციაა. უკვე მეორე თვეა, მიმდინარე ტენდერი გასაჩივრებულია და დავების საბჭოზე ელოდება განხილვას. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იქით მიმართული, რომ მათთვის გაუმჯობესდეს როგორც სადაზღვევო პაკეტი, ისე ხელფასი, რასაც ჩვენ ვუხდით. ასევე, ოფისების უდიდეს ნაწილში დავიწყეთ რემონტი, კარგი სამუშაო პირობების შექმნა. ცალკე ვაკეთებთ თბილისის სასწრაფოსთვის ოფისს, რომელიც რამდენიმე თვეში გაიხსნება. მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება. ერთი ტენდერი ჩატარდა, მეორე ტენდერიც გამოცხადებულია და მიმდინარე წელს მანქანებსაც მიიღებენ. ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის მაქსიმუმი, რაც ჩვენ შეგვიძლია. ეს არის, რასაც ვაკეთებთ და არ მინდა, ისეთი განცდა დარჩეს საზოგადოებას, რომ ვართ ოფისებში და არაფერს ვაკეთებთ. ეს არის, რაც შეგვიძლია, რასაც ვაკეთებთ და კიდევ ბევრს გავაკეთებთ. ჩვენთან შემოდის კიდევ ცხრა სიპ-ი, ყველამ რომ ხელფასის გაორმაგება მოითხოვოს, რასაკვირველია, ყველას შეუძლია, მაგრამ უნდა იყოს იმისი ადეკვატური, რა შესაძლებლობაც გვაქვს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.