ზურაბ აზარაშვილი - პანდემიამ, ასევე სხვადასხვა რეფორმამ, რომლებიც ჯანდაცვის სისტემაში გავატარეთ, დაგვანახა მძლავრი, მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკების საჭიროება
ზურაბ აზარაშვილი - პანდემიამ, ასევე სხვადასხვა რეფორმამ, რომლებიც ჯანდაცვის სისტემაში გავატარეთ, დაგვანახა მძლავრი, მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკების საჭიროება

პანდემიამ და ასევე, სხვადასხვა რეფორმამ, რომლებიც ჯანდაცვის სისტემაში გავატარეთ, დაგვანახა მძლავრი, მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკების საჭიროება. შესაბამისად, ჩვენ 2023 წელს ძალიან გავააქტიურეთ ორ დიდ სახელმწიფო კლინიკაში, ბათუმისა და რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოებში ყველა საჭირო სამედიცინო სერვისებით აღჭურვის, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების პროცესი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ძირითადი სამედიცინო მიმართულებები დაემატა და სერვისით უკვე ათასობით ადამიანმა ისარგებლა.

„ათასობით ადამიანმა სამეგრელოს რეგიონიდან უკვე მიიღო კლინიკაში მომსახურება. ასევე, ყველაზე კარგია ის, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდანაც ასეულობით ადამიანი ჩამოდის და იღებს სამედიცინო სერვისს. ასევე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, რაც კეთდება და იქაც მძლავრად არის სახელმწიფო კლინიკა წარმოდგენილი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.