ზურაბ აზარაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა
ზურაბ აზარაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის წარმატებაზე გააკეთა. მისი განცხადებით, 10 წლის განმავლობაში პროგრამამ მოსახლეობის 95%-ზე მეტი მოიცვა, სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვის სერვისებზე გაზრდილმა დაფინანსებამ კი ჯიბიდან გადახდები შეამცირა. ასევე შემცირდა C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებელი.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, არსებული გეგმის მიხედვით, 2025 წლისთვის C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია უნდა მოხდეს.

„საქართველოს მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტია, უზრუნველყოს ჯანდაცვის სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა, რისთვისაც ქვეყანაში 2013 წლიდან მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის არსებობის 10 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით, გაგვეფართოებინა მომსახურებები და გვეპასუხა ჯანდაცვის სხვადასხვა საჭიროებაზე, რითიც მოსახლეობის 95%-ზე მეტი მოვიცავით. 2013 წლიდან ჯანდაცვის სერვისებზე სახელმწიფოს მხრიდან დანახარჯების სტაბილური ზრდის შედეგად მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები მნიშვნელოვნად – 73%-დან 41%-მდე შემცირდა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 76-ე სესიაზე.

ჯანდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მედიკამენტებზე ფასების რეგულირებისა და ხარისხის კონტროლის სისტემების შექმნაზეც ისაუბრა.

„საქართველოს მთავრობა ახორციელებს მკვეთრ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ფარმაცევტულ პროდუქტზე ხელმისაწვდომობისთვის, მედიკამენტებზე ფასების რეგულირებისა და ხარისხის კონტროლის სისტემების შექმნის გზით. შეიქმნა მექანიზმები იშვიათი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების ჯანმრთელობის თუ სოციალური საჭიროებების სრულყოფილად გადასაჭრელად“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა ჰოსპიტალურ სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კლინიკებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა იმ საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად, რაც 2025 წლიდან სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის აუცილებელი წინაპირობა იქნება. ზურაბ აზარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ახალ მულტისექტორულ პლატფორმაზე, პაციენტთა უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოზეც ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეას ესწრება. საქართველოს დელეგაცია ღონისძიების ფარგლებში გამართულ დისკუსიებსა და მაღალი რანგის შეხვედრებში მონაწილეობს. ჯანმრთელობის მსოფლიო 76-ე ასამბლეა 24 მაისს დასრულდება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.