ზურაბ აზარაშვილი გერმანული აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს შეხვდა
ზურაბ აზარაშვილი გერმანული აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გერმანული აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა კლინიკებისთვის საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის, სამედიცინო აღჭურვილობისა და სახარჯი მასალების რეგულირების საკითხები განიხილეს.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რეფორმების მიზანი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნაა.

საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის 2025 წლიდან სავალდებულო იქნება. 2023 წელს კი სამედიცინო დაწესებულებებმა საერთაშორისო აკრედიტაციის პირველი – თვითშეფასების ეტაპი უნდა დაასრულონ. საუბარია მომსახურების ხარისხის, პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე.

მინისტრის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებები ინდივიდუალურად შეძლებენ, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციებს შორის, უკვე დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, თავად გააკეთონ არჩევანი.

გერმანულმა მხარემ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე ადამია ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.