ზურაბ აზარაშვილი - DRG სისტემის დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზები არ დაფიქსირებულა, მოდელი ამართლებს მიზანს, რაც არის პაციენტისთვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი მომსახურების მიწოდება
ზურაბ აზარაშვილი - DRG სისტემის დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზები არ დაფიქსირებულა, მოდელი ამართლებს მიზანს, რაც არის პაციენტისთვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი მომსახურების მიწოდება

DRG სისტემის დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზები არ დაფიქსირებულა. საერთო ჯამში, შეგვიძლია, სისტემა დადებითად შევაფასოთ. მოდელი ძალიან კარგად მუშაობს და მიზანს ამართლებს, რაც არის პაციენტისთვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და სამართლიანი გადახდის წესის დამკვიდრება, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

ჯანდაცვისთვის მინისტრმა აღნიშნა, რომ DRG სისტემის დანერგვის პროცესში უწყებისთვის პრიორიტეტული იყო პაციენტისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ჯიბიდან გადახდის შემცირება და ე.წ. შენიღბული თანაგადახდების პრაქტიკის შეცვლა.

„პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ის შენიღბული თანაგადახდები, რაც ე.წ. VIP სერვისებს და ექიმებს ეხებოდა, შეცვლილიყო. ეს ნაწილიც გავითვალისწინეთ მოდელის დანერგვის პროცესში. მაგალითად, თუ საყოველთაო ჯანდაცვით, პირობითად, ვიხდიდით 500 მილიონს, დამატებით ე.წ. VIP სერვისებში პაციენტები ჯიბიდან იხდიდნენ 200 მილიონს, ეს გავითვალისწინეთ და DRG პრინციპით გამოვიყვანეთ ისე, რომ ჯამური 700 მილიონიდან მოხდა საბაზისო ტარიფის დაანგარიშება. აქედან გამომდინარე, ჩვენ კლინიკებს და სექტორს ვუთხარით, რომ ვაფინანსებთ სრულად, იმის ჩათვლით, რასაც თქვენ ჯიბიდან ახდევინებდით პაციენტს და ზედმეტი თანხა დამატებითი სერვისებისთვის პაციენტისთვის აღარ მოეთხოვათ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.