ზურაბ აზარაშვილი - დიალიზის პროგრამის გაფართოება 2022 წლიდან დავაანონსეთ და სერვისი 12 რეგიონში უკვე დაემატა
ზურაბ აზარაშვილი - დიალიზის პროგრამის გაფართოება 2022 წლიდან დავაანონსეთ და სერვისი 12 რეგიონში უკვე დაემატა

პრიორიტეტული რჩება იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების საჭიროებების დაფარვა, დიალიზის, ტრანსპლანტაციის და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, – ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით პროგრამის გაფართოება 2022 წლიდან დაიწყო და სერვისი 12 რეგიონში დაემატა.

„პროგრამის გაფართოება 2022 წლის აპრილში დავაანონსეთ. მალევე მომსახურება ეტაპობრივად ამოქმედდა მესტიაში, ამბროლაურში, ლანჩხუთში, ყაზბეგსა და თიანეთში. 2023 წლის დეკემბრიდან დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი გახდა დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილსა და ხულოში. უახლოეს მომავალში მომსახურების მიღება იწყება და წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ჭიათურაში, საგარეჯოში, წალენჯიხაში, ცაგერში, წნორში, კასპსა და დედოფლისწყაროში. შედეგად, კიდევ უფრო გაიზრდება გეოგრაფიული მოცვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბენეფიციარებს პროცედურის ჩასატარებლად კვირაში რამდენჯერმე კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.