ზურაბ აზარაშვილი - დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული ბინების რაოდენობით, 2022 წელი ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული წელია
ზურაბ აზარაშვილი - დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული ბინების რაოდენობით, 2022 წელი ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული წელია

გადაცემული ბინების რაოდენობით, 2022 წელი არის რეკორდული წელი ბოლო 30 წლის განმავლობაში, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელმა დეპუტატებს დევნილთა და ეკომიგრანტთა განსახლების კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო.

„გასული წლის განმავლობაში 3 530-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი, საიდანაც 2 588 ოჯახი უზრუნველყოფილი იქნა ე.წ. სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში, 500-ზე მეტ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ბინა, ხოლო 438 ოჯახს – დაუკანონა. რაც შეეხება 2023 წელს, მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე 900 დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართი და ეს ციფრი წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად 105 მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო 2023 წელს ამ მიმართულებით გამოყოფილი ასიგნებები 230 მლნ ლარს შეადგენს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე განმარტებით, განსახლების პარალელურად, სამინისტრო აქტიურად მუშაობს ახალი მშენებლობების დაწყების კუთხითაც.

„დღეის მდგომარეობით დასრულებულია პროცედურები, გაფორმებულია ხელშეკრულებები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან და დაწყებულია მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები ხუთ ქალაქში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 6 000 ახალი ბინა, 400 000კვმ-მდე ფართი შენდება დევნილი მოსახლეობისათვის თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, დევნილთა განსახლების მსგავსად, სამინისტრო აქტიურად მუშაობს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლების განსახლების საკითხებზეც. კერძოდ, 2022 წელს 271 ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდა უსაფრთხო გარემოში, ხოლო 2023 წელს დამატებით 300 ოჯახისათვის იგეგმება საცხოვრებელი სახლის შესყიდვა.