ზურაბ აზარაშვილი - ჩვენი მიზანია, რესპუბლიკური საავადმყოფო იყოს ყველაზე თვალსაჩინო, მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო კლინიკა
ზურაბ აზარაშვილი - ჩვენი მიზანია, რესპუბლიკური საავადმყოფო იყოს ყველაზე თვალსაჩინო, მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო კლინიკა

ჩვენი მიზანია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იყოს ყველაზე თვალსაჩინო, მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო კლინიკა, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან გამართული შეხვედრა კიდევ ერთხელ შეაჯამა და აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში გაიმართა და სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხები გასცეს.

უწყების ხელმძღვანელი დახურულ შეხვედრაზე მომხდარ ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც თანამშრომლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, მისი აუდიოჩანაწერი ერთ-ერთ მედია საშუალებას გადასცეს.

„პროტესტი არ განახლებულა. ვფიქრობ, რომ წინა დღეებთან შედარებით პროტესტი მინელებულია. გუშინდელი შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან იყო ძალიან კონსტრუქციული. გავიარეთ ყველა დეტალი. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, რომ მწვავე და მნიშვნელოვანი კითხვებისთვის დახურულ შეხვედრაზეც გვეპასუხა, თუმცა, სამწუხაროდ, იყო მცირე ინციდენტიც.

მაშინ როცა, კონსტრუქციულ რეჟიმში მიდიოდა კითხვა-პასუხი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტელევიზიას ჩემი აუდიოჩანაწერი გადასცეს და ამაზე აბსურდული სიუჟეტი მოამზადეს, თუმცა აქაც კარგად ჩანდა, რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავეცით“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრი მიმდინარე აქციებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არანაირი საფუძველი პროტესტის გაგრძელების ამ დროისთვის არ არსებობს.

„ვფიქრობ, რომ პროტესტის გაგრძელების არანაირი საფუძველი დღეს არ არსებობს. შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმაზეც. ჩვენ მათ ეტაპობრივად გარკვეული ინფორმაციის მოძიების შემდგომ დეტალებს გავაცნობთ. ამის შემდეგ, თუკი ვინმეს კიდევ პროტესტი გაუჩნდება, ეს უკვე დესტრუქციულ ქმედებებზე მიუთითებს და იმაზე, რომ მათ არ სურთ პრობლემების მოგვარება. რასაკვირველია, ეს ძალიან არასასიამოვნოა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებამ თანამშრომლების მოთხოვნა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გაითვალისწინა და ამ დროისთვის აღნიშნულ თანამდებობას სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი იკავებს.

„ძირითადი მოთხოვნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან იყო დაკავშირებული და ეს პრობლემაც გადაჭრილია. შეიცვალა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და მის ადგილს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი იკავებს, რომელიც წლებია, მანდ მუშაობს და დამსახურებული ავტორიტეტითაც სარგებლობს. მას ჩვენგან სრული მხარდაჭერა აქვს. გარდა ამისა, შეიქმნა საკონსულტაციო ჯგუფიც, რომელიც მაღალკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული. ეს ჯგუფი ახალ დირექტორთან ერთად მოაგვარებს პრობლემებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისივე განცხადებით, რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მაშინ იქნება მიღებული, როდესაც ექსპერტიზის საბოლოო დასკვნები გახდება ცნობილი.

„რაც შეეხება დასკვნებს, ჩვენი მიზანია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იყოს ყველაზე თვალსაჩინო მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო კლინიკა. ამ მიზნის მისაღწევად კი გვეხმარება სხვადასხვა დასკვნა და ექსპერტული შეფასებები, რომლებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ გვექნება. ქვეყანას უნდა ჰქონდეს მძლავრი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კლინიკა, რომელიც ყველა სტანდარტს და გამოწვევას უპასუხებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.