ზურაბ აზარაშვილი - აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დაფინანსების განხილვა შეჩერებული აქვთ გერმანიას, ბრიტანეთს, სხვა ქვეყნებს, მკურნალობის ეფექტურობაზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება
ზურაბ აზარაშვილი - აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დაფინანსების განხილვა შეჩერებული აქვთ გერმანიას, ბრიტანეთს, სხვა ქვეყნებს, მკურნალობის ეფექტურობაზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება

აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დაფინანსების განხილვა შეჩერებული აქვთ გერმანიას, ბრიტანეთს და სხვა ქვეყნებს, ვინაიდან პრეპარატი დანერგვის ადრეულ ეტაპს გადის. მისი გვერდითი ეფექტების, ასევე გრძელვადიან პერიოდში მკურნალობის ეფექტურობის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისად, პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არაერთმა ქვეყანამ ჩათვალა, რომ არ არის მიზანშეწონილი ამ ეტაპისთვის პრეპარატის დაფინანსებაზე მსჯელობა.

აზარაშვილის განცხადებით, მედიკამენტი არის ახლად შექმნილი, დაჩქარებული წესით აქვს მიღებული აშშ-ს საკვებისა და წამლის მარეგულირებელი სააგენტოსა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) ავტორიზაცია, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ, ზოგიერთ შემთხვევაში და არ წარმოადგენს სტანდარტულ თერაპიას.

„იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოზე დეტალურად იქნა განხილული სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები, სადაც მოხდა აღნიშნული მედიკამენტების შესწავლა. ასევე, ჩვენი სამინისტროს მიერ გასული თვეების განმავლობაში აქტიური შესწავლის ეტაპები გავლილია. აქტიური კომუნიკაცია გვქონდა როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ასევე პაციენტების უფლებების დაცვის ევროპულ საზოგადოებებთან და სხვადასხვა ქვეყანასთან, სადაც ეს განხილვები მიმდინარეობდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს ამ მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით სამინისტროსთვის დადებითი რეკომენდაცია არ მიუცია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.