ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20-დან 4,5 პროცენტამდეა შემცირებული
ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20-დან 4,5 პროცენტამდეა შემცირებული

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20-დან 4,5 პროცენტამდეა შემცირებული.

ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, დღეისთვის მობილიზებულია რვა ათასზე მეტი საწოლი.

„დადებით ფაქტორად შეიძლება, აღინიშნოს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, აქედან საშუალოდ 4 300-დან 4 500 საწოლამდეა დაკავებული. „ომიკრონის“ შემთხვევაში, არ ხდება ჰოსპიტალიზაცია და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან შეგვიმცირდა 4,5%-მდე. საწოლები გადანაწილებულია, როგორც პედიატრიულ კლინიკებზე, ასევე მოზრდილებისთვის. პედიატრიულებზე გაზრდილი მოთხოვნა, ვფიქრობთ, უფრო ნერვიულობის ფაქტორით იყო გამოწვეული და აქედან გამომდინარე, სულ 200 საწოლი დავამატეთ და დღეისთვის აქედანაც ნახევარზე მეტი თავისუფალია“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მთავარი დატვირთვა არის ონლაინ კლინიკებზე.

„ჩვენ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობა გვაქვს ამ საკითხში და უნივერსიტეტის ბაზაზე არიან დასაქმებული, უწევენ ონლაინ კონსულტაციებს კოვიდინფიცირებულებს. ასევე, ვაპირებთ, რომ საკომუნიკაციო კამპანია გავაკეთოთ, რომელიც გულისხმობს ვიდეორგოლების დამზადებას, თუ როგორ უნდა ვიმკურნალოთ სახლის პირობებში, რადგან, როგორც ვხედავთ და როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, „ომიკრონი“ გადაიქცევა, როგორც ჩვეულებრივი, მიმდინარე სეზონური გრიპი. ამიტომ მნიშვნელოვანია, მივცეთ მათ სწორი რეკომენდაციები თუ სახლის პირობებში, როგორ უნდა იმკურნალონ, ხოლო ქრონიკული ან მაღალი რისკჯგუფის პაციენტებს ვთავაზობთ კლინიკაში გადაყვანას და თუ არის შესაძლებელი, რომ ბინაზე იმკურნალონ, მაშინ მაქსიმალურ კონსულტაციებს ვუწევთ. ბოლო ერთ კვირაში დავამატეთ კვალიფიციური ოჯახის ექიმების დიდი რაოდენობა და ასევე ქოლცენტრის ოპერატორები“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება ვაქცინაციას, მინისტრმა აღნიშნა, რომ „ფაიზერის“ 500 ათასზე მეტი დოზა არის ქვეყანაში, ასევე სხვა ვაქცინების კიდევ მილიონ-ნახევარი დოზა.

„აქედან გამომდინარე, მუშაობა არის კიდევ უფრო გასააქტიურებელი. უკვე დავგეგმეთ, იმ რეგიონებში, სადაც ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი ვაქცინაცია, 30-დან 40-მდე მობილური ჯგუფი ერთდროულად გავა და ადგილზე შესთავაზებს ვაქცინაციას. ასევე, ვიწყებთ საკომუნიკაციო კამპანიას ვაქცინაციასთან დაკავშირებით და კარგად მოხდება ახსნა, თუ რა სარგებელი აქვს იმუნიზაციას. ამასთან ერთად, დავიწყეთ წამახალისებელი ღონისძიებები. ამ ყველაფრის ერთობლიობით, ვფიქრობთ, რომ არსებული 500 ათასი დოზა„ფაიზერის“ გახარჯვას შევძლებთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამასთან, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ახალი დოზების მიღებაზე „ფაიზერთან“ მოლაპარაკებები დაწყებულია და მიმდინარე კვირის ბოლომდე შეთანხმება მიღწეული იქნება.