ზურაბ აზარაშვილი - 2025 წლის ბოლოსთვის საცხოვრებლით, საერთო ჯამში, 60 000 დევნილი ოჯახი გვეყოლება დაკმაყოფილებული
ზურაბ აზარაშვილი - 2025 წლის ბოლოსთვის საცხოვრებლით, საერთო ჯამში, 60 000 დევნილი ოჯახი გვეყოლება დაკმაყოფილებული

ათი წლის წინ საცხოვრებლით თუ მხოლოდ 18 000 დევნილი ოჯახი იყო დაკმაყოფილებული, 2025 წლის ბოლოსთვის, საერთო ჯამში, 60 000 ოჯახი გვეყოლება დაკმაყოფილებული, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს ძალიან დიდი მიღწევაა.

ზურაბ აზარაშვილმა იმ მასშტაბურ მშენებლობებზეც ისაუბრა, რომლებიც საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბორჯომსა და რუსთავში მიმდინარეობს. მისი თქმით, პროექტის ბიუჯეტი, დაახლოებით, 900 მილიონი ლარია და 2025 წლის ბოლომდე საცხოვრებელ ფართებს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს. აქედან 6 000 „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება, 7 000 ოჯახს კი ახლად აშენებული, ახალგარემონტებული ბინები გადაეცემა.

„მშენებლობები აქტიურად მიმდინარეობს. ვფიქრობ, მომდევნო წელს, ქუთაისსა და თბილისში რამდენიმე ასეული ბინის გადაცემის შესაძლებლობა გვექნება. ჩვენი მიზანია, აფხაზეთში დაბრუნებამდე, დევნილ ოჯახებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.