ზურაბ აზარაშვილი - 2013 წლიდან საქართველოს მთავრობამ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმაღლეს ღირებულებად დაასახელა
ზურაბ აზარაშვილი - 2013 წლიდან საქართველოს მთავრობამ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმაღლეს ღირებულებად დაასახელა

2013 წლიდან საქართველოს მთავრობამ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმაღლეს ღირებულებად დაასახელა, რაც საფუძვლად დაედო ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმას – მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის შექმნას, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ საფუძველი ჩაუყარა მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ ჯანმრთელობის პოლიტიკას, შექმნა ჯანმრთელობის უფლებით უნივერსალური სარგებლობის ფუნდამენტი და თითოეული მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯებისაგან დაცვის მექანიზმი.

„წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შექმნიდან ათი წლის თავზე, ჩვენ შეგვიძლია, შევაფასოთ ის უდიდესი მონაპოვარი, რომელიც გადარჩენილი სიცოცხლით, განკურნებული ადამიანებით, მათთვის მიწოდებული სერვისებისა და დაფინანსების მასშტაბით გამოიხატება. კერძოდ, პროგრამის დაწყებიდან დღემდე სამ მილიონ მოქალაქეს 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა შვიდი მილიარდი ლარით დაუფინანსდა. შესაბამისად, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქვეყანაში, პრაქტიკულად, არ არსებობს მოქალაქე, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთე, პირდაპირ ან ირიბად, არ შეხებია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სწრაფად გაიზარდა მოსახლეობის მოცვა სამედიცინო სერვისებით. მისივე თქმით, თუ 2010 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული იყო მოსახლეობის 30 პროცენტი, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 94%-ზე მეტია. აზარაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ამოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯები და გაიზარდა ფინანსური დაცულობა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ 2012 წელს მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების მაჩვენებელი იყო 73%, 2022 წელს ის 40%-მდეა შემცირებული.