ზურაბ ალავიძე - ქვეყნის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა წელს იგეგმება
ზურაბ ალავიძე - ქვეყნის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა წელს იგეგმება

მიმდინარე წელს დაახლოებით 3.5 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გაფორმდება, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონების განვითარების  მინისტრმა ზურაბ ალავიძემ „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ წევრ კომპანიებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრმა „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და რეგიონების განვითარების მიმართულებით არსებული ვითარება გააცნო.

შეხვედრაზე ზურაბ ალავიძემ სამინიტროს 2018–20 წლებისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა.

მისი თქმით,  ქვეყნის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა სწორედ წელს იგეგმება.

„აქტიურ ფაზაში ვართ ოთხპუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის განხორციელებაში. წელს დავიწყებთ ძირითადი ავტომაგისტრალებისა და ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას როგორც ტურისტული, ისე წყალმომარაგების მიმართულებით. წელსვე დაახლოებით 3.5 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გაფორმდება. ძირითადი ნაწილი წლის მეორე ნახევარში“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ. 

მისი თქმით, ქართველი და უცხოელი პარტნიორებისთვის დაგეგმილი პროექტების გაცნობა ხდება, რათა კიდევ უფრო დიდი კონკურენცია არის საჭირო.

„მნიშვნელოვანია რიკოთის გვირაბის პროექტი. ამჟამად რიკოთზე დეტალური პროექტირება სრულდება. 54 კმ-იანი მონაკვეთი ოთხ ლოტად არის დაყოფილი. მომდევნო სამ თვეში გამოცხადდება მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერები, რომლის დასრულებასაც ხუთი თვე სჭირდება. რიკოთის მონაკვეთი, მისი სირთულიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ჩვენთვის, რადგან გარდა რთული მშენებლობისა, გზა არ უნდა ჩაიკეტოს“, – განაცხადა ალავიძემ.