ზურაბ ადეიშვილისა და ძებნილი დავით ჭაკუას საქმეზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა
ზურაბ ადეიშვილისა და ძებნილი დავით ჭაკუას საქმეზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ძებნილი დავით ჭაკუას წინააღმდეგ საქმეზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა.

მოწმე გამომძიებლები 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გლდანის ციხეში, პატიმრების ცემის ორგანიზებისთვის, ბრალდებული ციხის ორი თანამშრომლის – ბასტისა და ბუბის ზედმეტსახელით ცნობილი პირების დაკავებაში მონაწილეობდნენ.

დღეს დაკითხულებს ჭაკუასა და ადეიშვილის სახელები არ უხსენებიათ, თუმცა ციხეში გამოძახებასა და პრივილეგირებულ შესვლაზე ისაუბრეს. შემდეგი სხდომა 6 მარტს ბრალდების მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

ჭაკუასა და ადეიშვილს ბრალად 2012 წლის არჩევნებამდე პატიმრების ცემის ორგანიზება ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებითა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციით.

ბრალდების მტკიცებით, ადეიშვილის დაკვეთით, წინა ხელისუფლება ცდილობდა, ციხეში პატიმრების ცემა ციხის სკანდალური კადრების გამოქვეყნებამდე გაევრცელებინა და “ქართული ოცნების” დაკვეთად გაესაღებინა.