ზურაბ ადეიშვილის დაცვის მხარემ ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვა გადაიფიქრა 
ზურაბ ადეიშვილის დაცვის მხარემ ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვა გადაიფიქრა 

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის დაცვამ კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე მოწმის სახით ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვაზე უარი განაცხადა.

ზურაბ ნოღაიდელი დღეს სასამართლოში გამოცხადდა, თუმცა  ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, ნოღაიდელი ტენდენციური და წინა ხელისუფლებისადმი რევანშისტულად არის განწყობილი, ამიტომ ზურაბ ადეიშვილთან საუბრის შემდეგ მოწმის აცილების გადაწყვეტილება მიიღეს.

„ზურაბ ადეიშვილს კობა დავითაშვილის ცემაში არანაირი ბრალი არ მიუძღვის. ამის თაობაზე ინფორმირებული იქნებოდა ზურაბ ნოღაიდელიც, ამიტომ გვყავდა დასაკითხ პირთა სიაში შეყვანილი, მაგრამ მთელ რიგ სხვა პროცესებზე ჩვენ დავინახეთ, რომ ნოღაიდელი იძლევა ცრუ და არასანდო ჩვენებას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ. ის არის რევანშისტულად განწყობილი მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წარმომადგენლების მიმართ, შესაბამისად, მისი დაკითხვა რომ მომხდარიყო, მიაწვდიდა იმ ვერსიას რა ვერსიაც აქვს ბრალდების მხარეს შეკერილი ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ბრალდების მხარისთვის გაურკვეველია, რატომ თქვა უარი დაცვის მხარემ მისსავე მოყვანილ მოწმეზე.

„დაცვის მხარის პოზიცია თავისივე თავს ეწინააღმდეგება, ვინაიდან მათი შუამდგომლობით მოხდა მოწმის სიაში შეყვანა. ეს შუამდგომლობა ბუნებრივია, შეთანხმებული იყო ბრალდებულთანაც, ამიტომ ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი ემსახურება პროცესის გაჭიანურებას”, – განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.