ზურაბ ადეიშვილი აცხადებს, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის ადგილზე ის გადადგებოდა
ზურაბ ადეიშვილი აცხადებს, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის ადგილზე ის გადადგებოდა

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი აცხადებს, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის ადგილზე ის გადადგებოდა. ამის შესახებ ზურაბ ადეიშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისივე თქმით, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით გადადგომა უკეთესი იქნებოდა.

„ალბათ კი, გადავდგებოდი, რადგან ჯერ ერთი, უფრო მეტ საშუალებას მივცემდი სამართალდამცავ ორგანოებს მუშაობისთვის, მეორე მხრივ, საკუთარ თავს მივცემდი საშუალებას, არ ამეღო იმაზე მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვიდრე უნდა აიღოს ადამიანმა ასეთ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, გადადგომა უკეთესი იქნებოდა“, – განაცხადა ადეიშვილმა.

კითხვაზე, მიუცია თუ არა მას ვანო მერაბიშვილისთვის გადადგომასთან დაკავშირებით რჩევა, ადეიშვილი აცხადებს, რომ მაშინ მიაჩნდა, რომ ვანო მერაბიშვილის გადადგომა ქვეყნისთვის დიდი საფრთხე იქნებოდა.

„მაშინ მე ნამდვილად მეგონა, რომ ვანოს გადადგომა იყო ძალიან დიდი საფრთხე ქართული სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ადეიშვილმა.

ყოფილი იუსტიციის მინისტრი მის ყველაზე დიდი შეცდომად განათლებაში არასაკმარისი ინვესტიციის განხორციელებას, ხოლო მიღწევად იუსტიციის სახლების შექმნას ასახელებს.

„საერთოდ საკუთარ მიღწევებზე ცოტა უცნაურია ხოლმე პირველ პირში ლაპარაკი. მარტივად რომ ვთქვა, ალბათ, იუსტიციის სახლები. რაც შეეხება შეცდომას, ჩვენი ხელისუფლების, მათ შორის ჩემი შეცდომა იყო ორი რამ – ერთი, რომ იმ პროცესში, როცა ჩვენ ვაშენებდით ახალ სახელმწიფოს, არ ჩავდეთ საკმარისი ფული განათლებაში, რათა შეგვეცვალა პოლიტიკური ელიტა. შეუძლებელია რეფორმები წარმატებული იყოს, თუ არ იქნება სათანადო ინვესტიციები განათლებაში, რომ შექმნა ახალი პოლიტიკური ელიტა. მეორე – ჩემი აზრით, უფრო ნაკლები ტოლერანტობა უნდა ყოფილიყო ჩვენი, ხელისუფლების დარღვევების მიმართ. იყო ნარატივი, რომ არიან დაუნდობელი, სისხლისმსმელი ადამიანები, რომლებიც სჯიან. როცა საქმე საქმეზე მიდგება, რაზე ლაპარაკობენ? რომ არ დაისაჯა კონკრეტულ საქმეში რომელიღაც სამართალდამცავი ორგანო, არ იქნა გამოძიებული რომელიღაც კორუფციის საქმე და ა.შ. საუბრობდნენ, რომ შეიქმნა რაღაცა დონის ორმაგი სტანდარტი. როცა ხდება ასეთი დარღვევები, ბუნებრივია, უნდა იყოს უფრო მეტი თანმიმდევრული რეაგირება, თუმცა რაც ერთ ადამიანს შეეძლება გაეკეთებინა, მგონი, იმდენი გავაკეთე, ჩემი აზრით“, – განაცხადა ადეიშვილმა.