ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

საკრებულოს წარმომადგენლები, დედაქალაქის მერთან ერთად, დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ, რომელიც დაღუპულთა მემორიალთან ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზმა, მამა შალვა კეკელიამ გადაიხადა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, 13 ივნისის ტრაგიკული დღე უდიდესი ტკივილის, მაგრამ ამავე დროს ერთიანობისა და ადამიანური თანადგომის სიმბოლოა.

ზურაბ აბაშიძის თქმით, 11 წლის წინ მომხდარმა ტრაგედიამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მრავალი ოჯახი დააზარალა და ჩვენი ქალაქის ისტორიაში მძიმე კვალი დატოვა.

„იმ ღამემ ყველას დაგვანახა, რამდენად დაუნდობელი შეიძლება იყოს სტიქია და რამდენად ძლიერი – ადამიანური სოლიდარობა. პატივს მივაგებთ ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას და სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ მაშველებს, მოხალისეებსა და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც უმძიმეს დღეებში ერთმანეთის გვერდით იდგა. სწორედ მათმა თავდადებამ და ერთიანობამ გადააქცია ტრაგედიის დღე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თანადგომის მაგალითად“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა. ამ დღეს წყალდიდობას მდინარე ვერეს ხეობაში 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.

ინფორაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.