ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა საბაჟო მონიტორინგის შესახებ რუსეთ-საქართველოს 2011 წლის შეთანხმებაზეც იმსჯელეს
ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა საბაჟო მონიტორინგის შესახებ რუსეთ-საქართველოს 2011 წლის შეთანხმებაზეც იმსჯელეს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა პრაღაში დღეს გამართულ შეხვედრაზე საბაჟო მონიტორინგთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებაც იმსჯელეს.

როგორც პირველ არხს ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, აღინიშნა, რომ ამ საკითხზე 6 თებერვალს ჟენევაში გამართული შეხვედრა მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი იყო.

„2011 წლის შეთანხმების შესაბამისად ერთობლივი სამმხრივი სამუშაო ჯგუფი, ქართულ, რუსულ, შვეიცარიული ერთობლივი კომიტეტი შეიქმნა, რომლის ფარგლებში ჟენევის შეხვედრაზე პრაქტიკული საკითხები განიხილეს, რათა დაიწყოს შეთანხმების იმპლემენტაცია. შევეხეთ აღნიშნულ თემას და ვთქვით, რომ აუცილებელია, ექსპერტებმა განაგრძონ მუშაობა, ჟენევაში განხილული საკითხების დეტალიზება მოხდეს, რათა შვეიცარიელების მეშვეობით ერთმანეთთან კონტაქტში იყვნენ. ჩვენ ამ პროცესს შეძლებისდაგვარად ხელს შევუწყობთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, ძირითადი ამოცანაა, პროცესები 2011 წლის შეთანხმების შესაბამისად წარიმართოს და დარღვევებს ადგილი არ ჰქონდეს.

„მთავარი მიზანი და ამოცანაა, ყველაფერი მოხდეს 2011 წლის შეთანხმების შესაბამისად და ამ თვალსაზრისით, არავითარ დარღვევასა და გადახვევებს არ ჰქონდეს ადგილი. რაც მოვისმინე, დაახლოებით ასეთივე პოზიცია აქვთ მათ. ასე რომ, ახლა მუშაობა უნდა გაგრძელდეს და რამდენადაც ვიცი, ექსპერტთა კონტაქტი ახლო მომავალში კიდევ ერთხელ შედგება“, – განაცხადა აბაშიძემ პირველ არხთან პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ამასთან,მისი შეფასებით, დღეს იყო პრაღის ფორმატის ერთ-ერთი რიგითი შეხვედრა, სადაც განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული თემები, შეჯერდა შარშანდელი მონაცემები და სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო კავშირების თვალსაზრისით მიმდინარე წლის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

„მართალი გითხრათ, დიდ სიახლეს არც ველოდით და არც გვაქვს ილუზია, რომ რაღაც დიდი გარღვევა მოხდება შეხვედრებზე, დიდი პროგრესი ან წინსვლა, საერთოდ არ ვიყენებთ ამ ტერმინოლოგიას. ეს იყო ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა პრაღის ფორმატში. გავიარეთ ყველა თემა, რაც დღის წესრიგით არის გათვალისწინებული, შევაჯამეთ გასული წლის მონაცემები, ვისაუბრეთ მიმდინარე წლის პერსპექტივებზე პრაქტიკული მიმართულებებით: სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო კავშირების თვალსაზრისით. ვეცადეთ, მოვაგვაროთ ჩვენი კომპანიების, ცალკეული პირებისა თუ ბიზნესწრეების ინტერესები და პრობლემები“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

როგორც მან განმარტა, გრიგორი კარასინთან საუბრის 80 პროცენტი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს და ამ თვალსაზრისით არსებულ დინამიკას დაეთმო. აბაშიძის თქმით, ამ მხრივ პოზიტიური ცვლილებებია, რადგან თუ 2013 წელს რუსეთში ექსპორტი ნულის ტოლი იყო, ბოლო წლებში ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობამ 1 მილიარდ 600 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

აბაშიძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდას და პრაღის ფორმატის მნიშვნელობაც აღნიშნა.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს კომუნიკაცია არსებობს. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ისინი მხარს უჭერენ კომუნიკაციის ამ ფორმატსა და არხს.  ჩვენ წამოსვლამდეც ვხვდებით და გვაქვს მათთან ურთიერთობები, ვისმენთ რჩევებს, დავბრუნდები და შემდეგაც მექნება მათთან საუბარი. რამდენადაც ვიცი, მომდევნო კვირაში პარლამენტშიც არის მოსმენები და მსჯელობა ამ თემაზე“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველო-რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო მონიტორინგს 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს. მონიტორინგი შვეიცარიულმა კომპანიამ „ესჯიეს“ (SGS) უნდა განახორციელოს.