ზურაბ აბაშიძე - ვცდილობთ, მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების შესახებ
ზურაბ აბაშიძე - ვცდილობთ, მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების შესახებ

ვცდილობთ, სერიოზული ანალიზისა და დასკვნებისათვის​ მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ, – ასე ეხმაურება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ვლადიმერ პუტინის ბრძანებას საქართველოში ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით.

„ამ ეტაპზე ვცდილობთ მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ, სერიოზული ანალიზისა და დასკვნებისათვის. ამის შემდეგ გავაკეთებთ უფრო ვრცელ კომენტარს.

ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და ყველა მოქალაქის ინტერესები, ავაცილოთ მათ სერიოზულ საკითხებზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღების საფრთხე”, – განუცხადა აბაშიძემ საქართველოს პირველ არხს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა. ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

პუტინი მთავრობას ავალებს, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, მან დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.