ზურაბ აბაშიძე - რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს
ზურაბ აბაშიძე - რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს.

ზურაბ აბაშიძემ კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დღევანდელ განცხადებებთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, სავაჭრო წარმომადგენლობების ფორმატს, რომელზეც ლავროვი საუბრობდა, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

„რაც შეეხება ლავროვის იდეას სავაჭრო წარმომადგენლობების შესახებ, ასეთ ფორმატს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა უნდა გაგრძელდეს ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში, სადაც ამ მიმართებით კონკრეტული ხელშესახები შედეგებია მიღწეული ბოლო წლების განმავლობაში“ , – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამასთან, მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია თბილისსა და მოსკოვში შვეიცარიის საელჩოების შემადგენლობაში არსებული საქართველოსა და რუსეთის ინტერესების სექციების პროცესში ჩართვა და გამოყენება.

„ასეთია ჩვენი მოსაზრება. ჩვენი პოზიცია ასეთია და იმის გამო, რომ პრაღის ფორმატი წლების განმავლობაში მუშაობს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, იქ შესაბამისი შედეგებიც არის. ჩვენ ვფიქრობთ, ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს და ამ ფორმატის ფარგლებში უნდა მოხდეს ამ საკითხების ანუ სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების განხილვა. ამ პროცესში, თუ იქნება საჭიროება, შესაძლებელია საქართველოს და რუსეთის ინტერესების სექციების ჩართვაც, რომლებიც საქმიანობენ შვეიცარიის საელჩოების შემადგენლობაში მოსკოვსა და თბილისში“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების შესახებ კი, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ავიამიმოსვლის შეზღუდვა რუსეთის გადაწყვეტილება იყო, რამაც ბევრი პრობლემა შეუქმნა რუსეთში მცხოვრებ ქართველებს, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზეც აისახება.

„ავიამიმოსვლის შეწყვეტა რუსეთის მხარის გადაწყვეტილება იყო თავის დროზე. შესაბამისად, თუ რუსეთი შეცვლის ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ ადრეც გვითქვამს, რომ ამას მივესალმებით, რადგან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტამ ბევრი პრობლემა შეუქმნა, მათ შორის რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. ეს უარყოფითად აისახება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზეც. რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა იქნება მას შემდეგ, რაც პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვები მოიხსნება“, – განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელნა, ზურაბ აბაშიძემ.