ზურაბ აბაშიძე - რუსეთისგან პირველად არ გვესმის, რომ ნატო-ს გაფართოების წინააღმდეგია, როგორც ჩანს, ახლა რუსეთი მიიჩნევს, რომ გასააქტიურებლად სწორი მომენტი აქვს
რუსეთის მხრიდან პირველად არ გვესმის, რომ წინააღმდეგია ნატო-ს გაფართოების, ეს ხშირად მსმენია ჩვენს ფორმატებზე ჩემი რუსი კოლეგისგან, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.
ზურაბ აბაშიძის თქმით, წლების განმავლობაში ასეთი განცხადება საჯაროდ კეთდება.
„როგორც ჩანს, ახლა ამის გააქტიურება დაკავშირებულია რუსეთის, როგორც საგარეო პოლიტიკურ, ასევე შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგთან. ამ ორი მომენტის ერთობლიობა იძლევა იმ შედეგს, რასაც ვხედავთ. როგორც ჩანს, რუსეთი, მისი პოლიტიკური ელიტა და ხელმძღვანელობა თვლიან, რომ ახლა მათთვის კარგი მომენტია, რომ ამ მიმართულებით რუსეთმა გარკვეულ შედეგებს მიაღწიოს. იმ შედეგებს, რაც მათ ჩამოწერეს რვაპუნქტიან მოთხოვნებში – ამას ზოგმა ულტიმატუმი დაარქვა, თქვენ როგორც გინდათ ის დაარქვით. ეს ყველაფერი გაწერილია მათ მოთხოვნებში. როგორც ჩანს, რუსეთი თვლის, რომ ახლა სწორედ ის მომენტია, რომ ამ მიმართულებით უნდა გადადგას ნაბიჯები“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ დღეს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დეტალურად ისაუბრეს, თუ რას აკეთებს ქართული მხარე, რათა ქვეყანამ არ დაუშვას შეგუება იმ ე.წ. ახალ რეალობასთან, რაც 2008 წლის შემდეგ შეიქმნა. აბაშიძემ კომენტარი გააკეთა ოკუპანტების მიერ ადამიანების გატაცების ფაქტებზე.
„პრაღის ფორმატი არ განიხილავს ასეთ საკითხებს, ყველაფერი ჟენევის ფორმატში განიხილება და ამ არხით ხდება არა მხოლოდ განხილვა, არამედ მოგვარება და კონკრეტული ინსტრუმენტები არსებობს, მაგრამ თუ საჭიროება შეიქმნება, რომ ეს არხიც გამოვიყენოთ; მზად ვარ, რომ დაველაპარაკო ჩემს კოლეგას და ვუთხრა, რომ ჩვენ არ ვახდენთ ჟენევის დუბლირებას, მაგრამ ადამიანები ვართ, ასეთი ჰუმანიტარული პრობლემა არსებობს და ჩაერთე შენც. თუ იქნება ამის საჭიროება, კი ბატონო. გატაცებულ მამუკა ჩხიკვაძეზე საუბარი ჯერ არ ყოფილა. ამაზე საუბარი ჩემს კოლეგებთან მექნება და ამისი აუცილებლობა თუ იქნება, აუცილებლად ჩავერთვები, არაფერი ამას წინ არ დაუდგება“, – განაცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, აბაშიძემ აღნიშნა, რომ საქართველო პრინციპულად აყენებს საკითხებს და ადეკვატურად ელაპარაკება რუსეთს.
„ცოტა ხუმრობით გეტყვით, ახალი წელი მოდის – ხშირად მესმის ხოლმე, რომ უფრო მკაცრად უნდა დაელაპარაკო შენს კოლეგას, რანაირად მკაცრად უნდა დაველაპარაკო, რომ დაქოქონ ტანკები, შევაშინო და წავიდნენ იქიდან? როგორ უნდა შევაშინო, ამას თუ მოვისმენ კარგი იქნება. ველაპარაკებით აბსოლუტურად ადეკვატურად, პრინციპულად ვაყენებთ საკითხებს და განვიხილავთ, რაც ჩვენ გვაწუხებს და არანაირ ძალისხმევას არ ვაკლებთ შესაბამისი არხებისა და ბერკეტების ასამოქმედებლად. ჩვენ ამის ბევრი გამოცდილება გვაქვს, როცა დაკავებული თუ გატაცებული იყვნენ ჩვენი მოქალაქეები და შევძელით მათი გათავისუფლება, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობების. იმედი მაქვს, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.