ზურაბ აბაშიძე - რუსეთის მხარე ცდილობს, ტატუნაშვილის გარდაცვალების ტრაგიკულ ფაქტს გაემიჯნოს
ზურაბ აბაშიძე - რუსეთის მხარე ცდილობს, ტატუნაშვილის გარდაცვალების ტრაგიკულ ფაქტს გაემიჯნოს

ქართულმა მხარემ პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოიყენა იმისათვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად გადაეცათ ოჯახის წევრებისათვის და გაეთავისუფლებინათ ჩვენი მოქალაქეები, სამწუხაროდ, მხოლოდ ნაწილობრივ მივაღწიეთ შედეგს, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოს მოთხოვნა რუსეთის მიმართ კონკრეტულია, რომ სასწრაფოდ მოხდეს ოჯახისათვის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარის გადაცემა.

ამასთან, მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნაბიჯიც კი გადადგა და პრობლემის მოსაგვარებლად რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართა.

„ქართულმა მხარემ პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოიყენა იმისათვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად გადაეცათ ოჯახის წევრებისათვის და გაეთავისუფლებინათ ჩვენი მოქალაქეები. სამწუხაროდ, მხოლოდ ნაწილობრივ მივაღწიეთ შედეგს. მხედველობაში მაქვს, რომ გუშინწინ ჩვენი ორი მოქალაქე გათავისუფლდა. პრემიერმა ის ნაბიჯიც კი გადადგა, რომ მიმართა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად. რუსეთის საგრეო უწყების აღნიშნულ კომენტარში რუსეთის მხარე ცდილობს, გაემიჯნოს ამ ტრაგიკულ ფაქტს და გამოთქვამს მხოლოდ მწუხარებას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ზოგადი კომენტარები და ზოგადი პასუხები, არამედ კონკრეტული ნაბიჯი, მხედველობაში გვაქვს უპირველეს ყოვლისა, ცხედარის დროულად გადაცემა ოჯახისათვის. რუსეთის მხარე ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა და მოთხოვნა მის მიმართ არის კონკრეტული, სასწრაფოდ მოხდეს ცხედარის გადაცემა ოჯახისათვის“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მიმართა, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას.  პრემიერის განცხადება 9 მარტს გავრცელდა. როგორც გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს, რომ დაინტერესებულია, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. პრემიერი აღნიშნავს, რომ მზად არის, ამ პროცესში პირადად ჩაერთოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას უპასუხა. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და კმაყოფილებას გამოხატავენ მიმართვაში გამოთქმულ განწყობებთან დაკავშირებით.