ზურაბ აბაშიძე - ქართულ-რუსული ურთიერთობები ოკუპაციის გამო ღრმა ჩიხშია და გამოსავალი არ ჩანს 
ზურაბ აბაშიძე - ქართულ-რუსული ურთიერთობები ოკუპაციის გამო ღრმა ჩიხშია და გამოსავალი არ ჩანს 

ქართულ-რუსული ურთიერთობები ოკუპაციის გამო ღრმა ჩიხშია და გამოსავალი არ ჩანს, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„რუსეთი მზად არ არის, ჩვენი რეგიონების აღიარების შესახებ თავისი გადაწყვეტილება უკან წაიღოს და ჩვენ ამას ვერასოდეს შევეგუებით. ოკუპაცია გრძელდება. ოკუპაცია სულ უფრო და უფრო მძიმე ფორმებს იღებს. ე.წ. ბორდერიზაცია მიმდინარეობს, იქ კედელი შენდება და ეს ალბათ არ შეწყდება. რეალისტური ხედვა ასეთია“, – განაცხადა აბაშიძემ.

მისი თქმით, არსებული რეალობა 2008 წლის მოვლენების შედეგია და მას შემდეგ ვითარება ვერ შეიცვალა.

„ეს ვითარება ჩვენ ვერ შევცვალეთ და ეს გახლავთ შედეგი 2008 წლის უბედურებისა, რაც მაშინ მოხდა. აგვისტოს ომის ყველაზე მძიმე შედეგი აღმოჩნდა სწორედ ეს სამართლებრივი მხარე და მოსკოვის მიერ ამ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. იმიტომ, რომ რუსეთს ხელი გაეხსნა, მათ ეს საზღვარი შეუქმნას და ინფრასტრუქტურა აუშენოს. როდესაც მათ ამ თემაზე ესაუბრები, გამოთქვამ აღშფოთებას, კრიტიკას და ასე შემდეგ. გეუბნებიან, მე არაფერ შუაში აღარ ვარ, ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, წადი ახლა და ცხინვალსა და სოხუმს ელაპარაკეო. აი, ასეთ ჩიხში, თუ ასეთ მოჯადოებულ წრეში ვართ მოქცეული. ამ თემაზე, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა და გამოსავალი სად არის, თვითონ რუსეთის მხარე პრინციპში, აღარც გესაუბრება, წერტილი დასვეს“, – განაცხადა აბაშიძემ. 

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, მას სურს, ოპტიმისტურად ისაუბროს და საზოგადოებას იმედი ჩაუნერგოს, რადგან ერთმანეთისთვის შეძახება ყოველთვის აუცილებელია, მაგრამ ამავე დროს, რეალიზმის განცდა არ უნდა დავკარგოთ.

„პროცესები, რომელიც რუსეთში მიმდინარეობს და გლობალური სურათი, რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობები, იმის მოლოდინს არ იძლევა, რომ ახლო მომავალში დიდ პოზიტიურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. მართალი გითხრათ, რუსეთთან დაკავშირებით მე ასეთი მოლოდინი არ მაქვს. ახლო და საშუალო პერსპექტივაში ასეა და მერე რა იქნება, ძნელი სათქმელია“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დატოვე კომენტარი