ზურაბ აბაშიძე - პრაღის შეხვედრებზე გავაგრძელებთ ქართული კომპანიების ინტერესების დაცვას
ზურაბ აბაშიძე - პრაღის შეხვედრებზე გავაგრძელებთ ქართული კომპანიების ინტერესების დაცვას

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ მიმდინარე წელს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრები გაგრძელდება.

„2019 წელს პრაღაში შეხვედრებს გავაგრძელებთ. ასეთია ჩვენი ხედვა და დასავლელი პარტნიორების რეკომენდაცია, რომლებთანაც მუდმივად კონსულტაციების რეჟიმში ვართ. სავაჭრო და სატრანსპორტო, ჰუმანიტარულ საკითხებზე ეს დიალოგი აუცილებელია. გასულ წელს იყო ამ მიმართულებით გარკვეული დინამიკა. გაიზარდა რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

მისი თქმით, გასულ წელს საგრძნობლად იმატა რუსეთიდან ტურისტების რაოდენობამ და გაზრდილია სატრანსპორტო კავშირები.

„ამას ყურადღება სჭირდება. ამ თვალსაზრისით ბევრი სხვადასხვა მასშტაბის პრობლემაა. სავაჭრო ურთიერთობებში ჩართულია უამრავი ქართული კომპანია ტურისტულ სექტორში. ჩვენ ამ შეხვედრებზე გავაგრძელებთ ქართული კომპანიების ინტერესების დაცვას და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეს ყველაფერი პრობლემების გარეშე გაგრძელდეს 2019 წელსაც“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისი თქმით, გასულ წელს რუსეთიდან თითქმის მილიონ-ნახევარი ადამიანი ესტუმრა საქართველოს, ხოლო ვაჭრობა მილიარდ-ნახევარ აშშ დოლარს მიუახლოვდა.

„სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისით რუსეთი მესამე ადგილზეა ევროკავშირის ქვეყნებისა და თურქეთის შემდეგ. საგრძნობლად არის გაზრდილი ჩვენი ექსპორტი რუსეთში, რაც პრინციპში დადებითი მოვლენაა. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ზოგადად ექსპორტი იზრდებოდეს. ამას ყურადღება სჭირდება. ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს. დინამიკას, პრობლემებს განხილვა სჭირდება და მათი მოგვარების ხელშეწყობა ამ ფორმატის ფარგლებში ხდება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.