ზურაბ აბაშიძე - ავიარეისების შეჩერება იყო რუსული მხარის გადაწყვეტილება, პოზიტიური მიდგომა თუ იქნება, შეგვიძლია, საკითხი სამუშაო დონეზე განვიხილოთ და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები
პირდაპირი ავიარეისების შეჩერება იყო რუსული მხარის გადაწყვეტილება, პოზიტიური მიდგომა თუ იქნება, პანდემიის მიუხედავად, შეგვიძლია, საკითხი სამუშაო დონეზე განვიხილოთ და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, – განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში.
ზურაბ აბაშიძემ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც უწყებამ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა.
„რამდენადაც ვიცი, ეს განცხადება გაკეთდა ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის კონტექსტში. ამ თემაზე საუბარი საჯაროდ არაერთხელ ადრეც გვქონია. ვისაუბრეთ ე.წ. პრაღის ფორმატის რეჟიმში, რომელიც ნოემბერში ონლაინ გაიმართა.
ჩვენი პოზიციაა, რომ რუსული მხარე მზად თუ არის, სურვილი და ნება აქვს იმის, რომ რეისები აღდგეს, ამას წინ არაფერი უდგას, რადგან ჩვენ იმთავითვე მზად ვიყავით და ვართ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღსადგენად. პირდაპირი ავიარეისების შეჩერება იყო რუსული მხარის გადაწყვეტილება. ასე რომ, ეს საკითხი მათივე გადასაწყვეტია და პოზიტიური მიდგომა თუ იქნება, პანდემიის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია, ეს საკითხი განვიხილოთ სამუშაო დონეზე და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ, როგორც კი პანდემია მოგცემს ამის საშუალებას, ვითარების გაუმჯობესების კვალობაზე, ავიარეისები აღვადგინოთ.
რაც შეეხება ორ არგუმენტს, რასაც რუსეთისგან ვისმენთ, თითქოს რუსეთის მოქალაქეებს და რუს ტურისტებს საქართველოში უსაფრთხოების რაღაც პრობლემები აქვთ, ჩვენ მათ ვეუბნებით და ჩემს რუს კოლეგასთან საუბარი მქონდა იმაზე, რომ წლების განმავლობაში საქართველოში ჩამოდის რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობა და მათ არანაირი უსაფრთხოების პრობლემა არ აქვთ. უსაფრთხოების საკითხის წამოჭრა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. გარდა ამისა, ისინი ახსენებენ ანტირუსულ რიტორიკას, ჩვენი პასუხია, რომ აქ კრიტიკას ვერავის ავუკრძალავთ, მით უმეტეს, თუ კრიტიკის საფუძველი არსებობს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს რუსეთსა და საქართველოს შორის შეწყვეტილ ფრენებთან დაკავშირებით და შეახსენეს, 2021 წელს მოსკოვის წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ აკრძალვა დროებითია და შეიძლება, მოიხსნას. რუსეთის საგარეო უწყებამ შეკითხვაზე შემდეგი პასუხი გასცა: „რუსული ავიაკომპანიებისთვის რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადაყვანაზე დაწესებული აკრძალვა დროებით ხასიათს ატარებს. არაერთხელ მივუთითეთ მათი გაუქმების პირობები. ისინი კარგადაა ცნობილი ქართული მხარისთვის. საუბარია საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაზე, რუსოფობიური კამპანიის შეჩერებასა და საფრთხის აღმოფხვრაზე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე, არ შეიძლება, უგულებელვყოთ სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. რუსეთი იძულებული გახდა, მიეღო ზემოაღნიშნული შეზღუდვები ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციის საპასუხოდ. ამავდროულად, ჩვენ ვრჩებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების ერთგული – ეს ყველაფერი ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებშია. თუმცა, ასეთი პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას განახორციელებს“.