ზურაბ აბაშიძე - მოსკოვში საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე ფიქრობენ, თუმცა კონკრეტული თარიღი გრიგორი კარასინს არ დაუსახელებია
ზურაბ აბაშიძე - მოსკოვში საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე ფიქრობენ, თუმცა კონკრეტული თარიღი გრიგორი კარასინს არ დაუსახელებია

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის საკითხი შეხვედრაზე გრიგორი კარასინმა წამოაყენა.

აბაშიძის თქმით, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ თბილისში, ივნისში განვითარებულმა მოვლენებმა იქონია გავლენა პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერების თაობაზე რუსეთის მხარის გადაწყვეტილებაზე.

ამასთან, აბაშიძის განმარტებით, რუსეთში რეისების აღდგენაზე ფიქრობენ, თუმცა კონკრეტული თარიღი არ სახელდება.

„ეს საკითხი მან [კარასინმა] წამოაყენა, თქვა, რომ ივნისის მოვლენებმა იქონია გავლენა რუსეთის მხარის გადაწყვეტილებაზე პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერების თაობაზე. განაცხადა, რომ მოსკოვში ფიქრობენ იმაზე, რომ აღდგეს  რეისები, თუმცა კონკრეტული თარიღები არ დაუსახელებია, ასეთი ზოგადი განცხადება მოვისმინეთ მისი მხრიდან. მე ვუპასუხე, რომ ეს მათი პრეროგატივაა, მათი გადასაწყვეტია. ცნობილია ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხებზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ კონტაქტებს ადამიანებს შორის და ველით მათ გადაწყვეტილებას. როდესაც ისინი იქნებიან მზად ამისთვის, ალბათ, ტექნიკურ დონეზე მოხდება შემდგომ საუბარი სპეციალისტებს შორის და რეისების აღდგენა”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დატოვე კომენტარი