ზურაბ აბაშიძე – მეტი მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს, სწორედ ამ დევიზით ერთად გავაგრძელებთ მუშაობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში
მეტი მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს, სწორედ ამ დევიზით ერთად გავაგრძელებთ მუშაობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.
საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერს, ვინც აქტიურად არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში და წარმატებები უსურვა „ქართული ოცნების“ კანდიდატებს.
„მინდა, გამოვეხმაურო საარჩევნო პროცესს, რომელიც უკვე ყველაზე აქტიურ ფაზაშია. 4 ოქტომბერს ჩვენ გვექნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მინდა, ყველა ჩვენს კოლეგას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საარჩევნო კამპანიაში, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატები ან სიითი შემადგენლობის წევრები, წარმატება ვუსურვო. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მხარდამჭერს, რომლებსაც სჯერათ ჩვენი და აქტიურად მონაწილეობენ წინასაარჩევნო შეხვედრებში. მადლობა ყველას, ვისაც სჯერა, რომ კიდევ ოთხი წლის განმავლობაში უნდა გავაგრძელოთ აღმშენებლობა დედაქალაქის საკეთილდღეოდ დევიზით: „მეტი მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს““, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩევნებში გამარჯვება დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს და მთლიანად პარტია „ქართულ ოცნებას“ უსურვა.
მისი თქმით, ეს არის გუნდი, რომელიც დედაქალაქის საკეთილდღეოდ მუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.