ზურაბ აბაშიძე - ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსეთის სახელმწიფო უწყებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ​საფუძველს არის მოკლებული
ზურაბ აბაშიძე - ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსეთის სახელმწიფო უწყებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ​საფუძველს არის მოკლებული

რუსეთის სახელმწიფო უწყებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიაში ე.წ დახურული კვლევების შესახებ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, – ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.

ზურა აბაშიძე აცხადებს, რომ საქართველო ადასტურებს მზაობას, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის მონიტორინგი განხორციელდეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ლუგარის ლაბორატორიის საწინააღმდეგო კამპანია ემსახურება რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ლუგარის ლაბორატორია წარმოადგენს საქართველოს საკუთრებას, რომელიც ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ, აწარმოებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას სრული ტრანსპარეტულობის რეჟიმში. რუსეთის სახელმწიფო უწყებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციები ლაბორატორიაში ე.წ. დახურული კვლევების შესახებ ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. ამ ცენტრს ხშირად სტუმრობენ უცხოელი ექსპერტები, მეცნიერები მათ შორის რუსეთიდან. მისი კარი ყოველთვის ღიაა. ნოემბრის შუა რიცხვებში ტარდება სემინარი, რომელშიც 20-ზე მეტი ქვეყნის ექსპერტები და მეცნიერები მიიღებენ მონაწილეობას, მიიღებენ სრულყოფილ ინფორმაციას ამ ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ. სამწუხაროდ, რუსეთის მხარემ, მოწვევის მიუხედავად, უარი განაცხადა მონაწილეობაზე. ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, რათა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებითა და მაღალი დონის ექსპერტების ჩართულობით განხორციელდეს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის მონიტორინგი. საერთოდ ეს კამპანია ემსახურება რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს. ეს დაკავშირებულია მათ ურთიერთობებთან თუ კონფრონტაციებთან დასავლეთის ქვეყნებთან. აი, ამ კონტექსტში იკითხება ძალიან მარტივად ყოველივე ეს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ შეხვედრაზე ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის შესახებ საქარველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ იგორ გიორგაძის განცხადება შეშფოთებას იწვევს.

„მე არ დავიწყებ იმის განსჯას, რამდენად სარწმუნოა ეს. მე ვნახე საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრის განცხადება. უპირობოდ, ეს შეშფოთებას იწვევს. ეს კვლევები, თუ ისინი მართლა ტარდება, ძალიან საშიშია და დაკავშირებულია გენეტიკის სფეროში ბოლო მიღწევებთან. იქიდან, რაც ვნახე, შემიძლია, მხოლოდ გავიმეორო, რომ საუბარია იმაზე, რომ ვლინდება რაღაც პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანებზე შერჩევითი ზემოქმედება მოახდინონ, მათი კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის კუთვნილების შესაბამისად. ასეთი ცდები თითქოსდა უკვე ტარდება ცხოველებზე და ორი-სამი თაობის შემდეგ, უკვე ხდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც კარდინალურად ცვლის თავდაპირველ იერსახეს. თუ ეს ასეა, ეს დიდ საფრთხეს წარმოადგენს. როგორ ვებრძლოთ ამას? ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ არაფერი ჩნდება არსაიდან და ქრება არსად. ქმედება უდრის უკუქმედებას და პირიქით. და თუ ვინმე მუშაობს ასეთ რამეზე, უნდა აცნობიერებდეს, რომ სხვებიც ამით დაკავდებიან. უმჯობესია, წინასწარ ერთად დავსხდეთ და შევიმუშაოთ ამ უკიდურესად სენსიტიურ სფეროში მოქმედების ერთიანი წესები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.