ზურაბ აბაშიძე - ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის განცხადებები იმდენად აბსურდულია, რომ არც დასავლეთში და არც ჩვენში არავინ დაიჯერა
ზურაბ აბაშიძე - ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის განცხადებები იმდენად აბსურდულია, რომ არც დასავლეთში და არც ჩვენში არავინ დაიჯერა

რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის თემას აშკარად პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

როგორც აბაშიძემ პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, დასავლეთის ქვეყნებიდან რუსეთის მიმართულებით მიდის ძალიან მძაფრი კრიტიკა, ამიტომ მათ სჭირდებათ თემა ყურადღების გადასატანად, ამისთვის არის გამოყენებული ლუგარის ლაბორატორიაც.

„ჩვენ რა არგუმენტებიც უნდა წარვუდგინოთ, ეს ამ კრიტიკას რუსეთის მხრიდან ჯერ ალბათ ვერ გააჩერებს. თუმცა, ჩვენი არგუმენტები არის აბსოლუტურად მარტივი და ყველასთვის გასაგები, ჩვენ ვეუბნებით – ჩამოდიოდნენ თქვენი ექსპერტები, ნახულობდნენ, მაღალ შეფასებებს აძლევდნენ ლაბორატორიას; ახლაც შეგიძლიათ, ჩამოხვიდეთ 14-15 ნოემბერს, მიიღოთ მონაწილეობა სემინარში, წვრთნებში. 20-ზე მეტი ქვეყანა ამაში მონაწილეობს და თუ თქვენი სპეციალისტებიც იქნებიან, მიიღებენ სრულ ინფორმაციას.

გარდა ამისა, მათთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეს არანაირი ამერიკული ლაბორატორია არ არის. ეს არის საქართველოს საკუთრება. იქ მუშაობენ ქართველი სპეციალისტები ძალიან ტრანსფარენტულად და მისი კარი ღიაა; აღარაფერს ვამბობ ისეთ აბსურდზე, როგორიც არის ადამიანებზე ვითომდა რაღაც ექსპერიმენტების ჩატარება. თურმე, ფაროსანც იქ გამოგვიყვანია და მერე რაღაცნაირად ჩრდილოეთისკენ მიფრინავენ ეს ფაროსანები უხერხულიც კი არის ამაზე საუბარი“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი.

ამასთან, როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის თემას იყენებს როგორც პოზიციას, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა.

„როგორც ხედავთ, არავინ აიტაცა ეს თემა, არც დასავლეთში და არც ჩვენში. იმდენად აბსურდია, რომ ვერავინ დაიჯერა. ამირან გამყრელიძის პრესკონფერენციაზე იყვნენ რუსი ჟურნალისტებიც და მათ მიიღეს ამომწურავი პასუხები, მაგრამ რუსეთს სხვა პოლიტიკური ამოცანა აქვს. ასეთი ლაბორატორიები არის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ევროპაში, თავად რუსეთში. ზუსტი ციფრი არც კი ვიცი, იმდენად ბევრია.

ჩვენი პოზიცია კარასინთან შეხვედრაზეც დავაფიქსირე. შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ მათი კომენტარი, რომ არ აპირებენ 14-15 ნოემბერს ჩამოსვლას. ეს არის მათი პასუხი. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მათი ამოცანა, თავსატკივარი არის არა ლაბორატორია, არამედ პოლიტიკური კონიუნქტურა დასავლეთთან დაკავშირებით. მათ აჟიოტაჟი უფრო აინტერესებთ, ვიდრე ჭეშმარიტების გარკვევა, ძალიან მარტივად იკითხება ეს ყველაფერი“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას ზურაბ აბაშიძემ.