ზურაბ აბაშიძე - ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთი დროდადრო ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებს
ზურაბ აბაშიძე - ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთი დროდადრო ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებს

რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით დროდადრო ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებები და განცხადებები კეთდება, რაც მათ საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურება, ამის დანახვა მარტივია, – ასეთი კომენტარი გააკეთა პირველ არხთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებაზე.

მარია ზახაროვამ აშშ-ისგან საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ ოფიციალური განმარტებები მოითხოვა. ზახაროვამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ აღნიშნა, რომ „ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე საიდუმლო ექსპერიმენტები ტარდება“.

პირველი არხი კომენტარისთვის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდა. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ლუგარის ლაბორატორია საქართველოს საკუთრებაა, რომელიც მუშაობს გამჭვირვალობის რეჟიმში და მისი კარი ღიაა უცხოელი მეცნიერებისა და ექსპერტებისთვის.

„აღნიშნული ლაბორატორია ჩვენი ქვეყნის საკუთრებაა და ჩვენვე ვაფინანსებთ მის საქმიანობას. არანაირი დახურული ან საიდუმლო ცდები ამ ცენტრში არ მიმდინარეობს, მით უმეტეს ადამიანებზე, რაც სრული აბსურდია. ანალოგიური ლაბორატორიები არსებობს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში. ლუგარის ლაბორატორია მუშაობს გამჭვირვალობის რეჟიმში, მისი კარი ღიაა უცხოელი მეცნიერებისა და ექსპერტებისთვის. სწორედ ლუგარის ცენტრის ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წლის 14-15 ნოემბერს საქართველო მასპინძლობს საერთაშორისო სემინარს მოცემულ ობიექტზე. აღნიშნული ღონისძიება საქართველოსა და გერმანული მხარეების ორგანიზებით იმართება და მასში უსაფრთხოებისა და ბიოლოგიის ექსპერტები 20-მდე ქვეყნიდან მონაწილეობენ. საგულისხმოა, რომ სემინარის ორგანიზატორებმა მონაწილეობა შესთავაზეს რუსეთის მხარესაც. სამწუხაროდ, რუსი ექსპერტების ჩართულობაზე სემინარის ორგანიზატორებმა უარი მიიღეს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ პირველ არხთან.