ზურაბ აბაშიძე კარასინთან შეხვედრაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს დააყენებს
ზურაბ აბაშიძე კარასინთან შეხვედრაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს დააყენებს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ პრაღაში კარასინთან შეხვედრაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს დააყენებს.

როგორც ზურაბ აბაშიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რაც შეძლება სწრაფად უნდა მოხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება და ეს პიროვნება უნდა დაუბრუნდეს თავის ოჯახს.

„ჩვენი პრიორიტეტი ახლა არის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი. ჩვენი მიდგომა ასეთია, ყველა საშუალება, საერთაშორისო კონტაქტები, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ახლა არ არის დრო, ასეთი ფორმატია თუ ისეთი, რაც მთავარია, ეს ადამიანი უნდა გათავისუფლდეს და ასეთია ჩვენი პრინციპული მიდგომა. ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ, არის თუ არა რაღაც ახალი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ზოგადად ეს არის ნაწილი უფრო დიდი პრობლემისა, ეს არის ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ბოლო ხანს საოკუპაციო ხაზთან გამწვავებულია ვითარება, ამაზეც მექნება საუბარი. თუმცა ასეთი საკითხების განხილვისთვის შექმნილია ჟენევის ფორმატი. 10 დღის შემდეგ იქნება დეტალური, საგნობრივი, სიღრმისეული საუბარი ყოველივე ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჩვენი ამერიკელი კოლეგების ჩართულობით. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, მათ შორის, პრაღის ფორმატი და გავამახვილოთ ყურადღება ამ საკითხებზე“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.