ზურაბ აბაშიძე - კარასინთან შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ კატეგორიულად მიუღებელია ვითარება, რომელიც შექმნილია, როგორც ჰუმანიტარული, ისე სხვა მიმართულებით
ზურაბ აბაშიძე - კარასინთან შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ კატეგორიულად მიუღებელია ვითარება, რომელიც შექმნილია, როგორც ჰუმანიტარული, ისე სხვა მიმართულებით

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუს დიპლომატ გრიგორი კარასინთან შეხვედრა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხზე საუბრით დაიწყო.

აბაშიძის თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაუსვა შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

„ჩვენი საუბრის დასაწყისში ხაზი გავუსვი იმ რთულ ვითარებას, რომელიც შექმნილია ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო. ვისაუბრე მაქსიმალურად აქცენტირებულად იმ კონტექსტში, რომ ეს ქმნის ძალიან რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას არა მარტო ამ საოკუპაციო ხაზთან, არამედ მთლიანად ქვეყანაში და საფრთხეს უქმნის ზოგადად რეგიონულ უსაფრთხოებას, რადგან ასეთი ინციდენტები ქმნიან ძალიან ცუდ პრეცედენტს. ვისაუბრეთ დეტალებზე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ განიცდიან ახლობლები და მთელი ქართული საზოგადოება ამას, ასევე, საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ ამას მოჰყვა დიდი რეზონანსი. მან აღნიშნა, რომ ეს მისი ხედვითთაც მართლაც დრამატული მოვლენაა, თავისი ემოციები, პირადი დამოკიდებულება დააფიქსირა. გამოთქვა მოლოდინი და იმედი, რომ უახლოეს ვადაში გათავისუფლდება და დაუბრუნდება ოჯახს.ზოგადად, მათი მიდგომა, მოგეხსენებათ, ასეთია, რომ ეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ამიტომ მათ აქვთ უფლება, მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, რომ ეს მათი საქმეა და ასე შემდეგ. ჩვენი დამოკიდებულება ამის შესახებ იცით, რაც  არის კარდინალური სხვაობა ჩვენს პოზიციებს შორის. რა თქმა უნდა, ღრმა დიალოგს ჩვენ ამის თაობაზე არ ვაპირებთ, პოზიცია იყო, რომ ეს პიროვნება სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. რამდენჯერმე გავიმეორე კითხვა და ჩემს ყოველ კითხვაზე პასუხი იყო, რომ გამოვთქვამ იმედს და მოლოდინს, ეს უახლოეს, უმოკლეს ვადაში მოგვარდება”,- განახადა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძის თქმით, საუბარი შეეხო ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის საკითხსაც.

„მათი პასუხი ზოგადად ასეთ თემებს როდესაც წამოვწევ, არის ტრადიციულად ერთი და იგივე კონტექსტში, რომ ჩვენი შეხვედრის დღის წესრიგი ამ საკითხების ასეთ დეტალურ განხილვას არ ითვალისწინებს, რომ ამისთვის არსებობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი და იქაც დეკემბერში შეიკრიბებიან წარმომადგენლები და იმათ უნდა ისაუბრონ, მაგრამ მეორეა, რომ ჩვენ ამ შეხვედრას, ამ ფორმატსაც ვიყენებთ, რათა მაქსიმალურად გავამახვილოთ ყურადღება ყველაზე რთულ საკითხებზე. ამაზეც მქონდა საუბარი, თუ რაოდენ სახიფათო და კატეგორიულად მიუღებელია ვითარება, რომელიც შექმნილია, როგორც ჰუმანიტარული, ასევე, სხვა მიმართულებით”,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.