ზურაბ აბაშიძე ფიქრობს, რომ ჟენევის ფორმატში პრემიერის ჩართვის ინიციატივა საკითხების გადასაწყვეტად საფუძვლის მომზადებასაც გულისხმობს
ზურაბ აბაშიძე ფიქრობს, რომ ჟენევის ფორმატში პრემიერის ჩართვის ინიციატივა საკითხების გადასაწყვეტად საფუძვლის მომზადებასაც გულისხმობს

ზურაბ აბაშიძე ფიქრობს, რომ ჟენევის დისკუსიებში პრემიერის ჩართულობის ინიციატივა გულისხმობს არა გიორგი კვირიკაშვილის პირად დასწრებას ყველა რაუნდზე, არამედ საკითხების გადასაწყვეტად საფუძვლის მომზადებაზე, რისთვისაც შეიძლება მაღალი დონის შეხვედრაც ჩატარდეს.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და განმარტა, რას შეიძლება გულისხმობდეს, გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან ჟენევის დისკუსიებში ჩართვის მზაობა.

„როგორც ვხედავთ, ჯერ გამოხმაურება არ ყოფილა. როგორ შეიძლება ფორმატი შეიცვალოს. მე როგორც წარმომიდგენია, საუბარი არ არის იმაზე, რომ ეს მოხდეს უცბად, პრემიერმა იაროს შეხვედრებზე პერიოდულად, არამედ მომზადდეს იქ საფუძველი საკითხების გადასაწყვეტად, რისთვისაც რაღაც ეტაპზე შეიძლება მაღალი დონის შეხვედრა ჩატარდეს. მომზადდეს ფონი, მოსამზადებელი სამუშაოები რიგი საკითხების წინ წასაწევად და რაღაც ეტაპზე რანგი აიწიოს. ალბათ ამის თაობაზე არის საუბარი ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, თანათავმჯდომარეებთან“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, 9 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართა, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას. როგორც გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს, რომ დაინტერესებულია, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. პრემიერი მიმართვაში აღნიშნავს, რომ მზად არის, ამ პროცესში პირადად ჩაერთოს.