ზურაბ აბაშიძე - ევროპის საბჭოს მინისტერიალის თემაზე ზედმეტი აჟიოტაჟი საჭირო არ არის, ყველაფერი ჩატარდება ჩვენი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემით
ზურაბ აბაშიძე - ევროპის საბჭოს მინისტერიალის თემაზე ზედმეტი აჟიოტაჟი საჭირო არ არის, ყველაფერი ჩატარდება ჩვენი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემით

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის ჩატარების თემაზე ზედმეტი აჟიოტაჟი საჭირო არ არის.

მისი თქმით, ამ საკითხზე ყველა კითხვას პასუხი დღეს, სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის გაეცემა, სტრასბურგში შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„დღის ბოლოსთვის გვექნება ინფორმაცია შეხვედრის შესახებ, რომელიც დღეს სტრასბურგში გაიმართება, გაეცემა პასუხი ყველა კითხვას, რომელიც გაქვთ. ვფიქრობ, ზედმეტი აჟიოტაჟი ამ თემის ირგვლივ საჭირო არ არის და არც არის ჩვენს ინტერესებში. ყველაფერი ჩატარდება ისე, რომ ჩვენ ჩვენს კანონმდებლობასაც მივაგებთ შესაბამის პატივს, შევასრულებთ საერთაშორისო ვალდებულებებსაც. ეს არის ის ორი პრინციპი, რაც აუცილებლად შესრულდება. სად და როგორ გაიმართება სესია, ერთი დღე მოვითმინოთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ

მისი თქმით, საქართველომ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

„თუ ეს ჩატარდება თბილისში, უნდა შევასრულოთ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები, რაც დაკავშირებულია ასეთი საერთაშორისო ფორუმის ჩატარებასთან, ასევე შევასრულოთ ვალდებულებები, რასაც გულისხმობს ჩვენი კანონი. ეს არის პრინციპი და დეტალები ხვალ გახდება ცნობილი“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძემ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესიის გამართვის ადგილსა და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სტრასბურგში დღეს მიიღებს.

საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესიას 2020 წლის 14-15 მაისს უნდა უმასპინძლოს, თუმცა, გაურკვევლობა შეიქმნა შეხვედრაში რუსეთის დელეგაციის, მათ შორის რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით. გამოითქვა ვერსია, რომ რუსეთის დელეგაციის გამო, მინისტერიალი თბილისში აღარ ჩატარდეს.

დატოვე კომენტარი